თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. გორში 17-19 ივლისს პირველად გაიმართება „თავისუფალი კინოფესტივალი“, სადაც თანამედროვე ქართულ და უცხოურ ფილმებს აჩვენებენ.
ფესტივალის დაფუძნების იდეა გორში თანამედროვე ხელოვნების ფონდის Ahuahu წარმომადგენლებს გაუჩნდათ. ფონდი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კინემატოგრაფიის საკითხებში უფასო მასტერ-კლასებსა და ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებს მართავს.
კინოფესტივალის ფარგლებში ორი ნომინაცია იქნება წარმოდგენილი: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. გამარჯვებულები მონაწილეთა ხმის მიცემით გამოვლინდებიან.
ფესტივალი გაიხსნება გერმანელი რეჟისორის მარკ ბრამუნდის ფილმით „თავშესაფარი“. ფესტივალის სტუმრებს ასევე უჩვენებენ ქართველი რეჟისორის ლევან თუთბერიძის „მოირას“.
ფესტივალზე წარდგენილი იქნება თანამედროვე ქართველი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმები. მათ შორის — მარგო ზუბაშვილის „დინოზავრი“, ამირან დოლიძის „მერე იტყვიან, ხომ გეუბნებოდით, გიჟიაო“ და სხვა.
გარდა ამისა, ფესტივალზე დოკუმენტური და ანიმაციური სურათების სეანსები გაიმართება.
ფესტივალის სტუმრები შეძლებენ შეხვდნენ და გაესაუბრონ რეჟისორებს, პროდიუსერებსა და კინოკრიტიკოსებს. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება გორის ფოტოგრაფთა კლუბის გამოფენა.
ჩვენებები გაიმართება გორის ღია კინოთეატრში, კულტურისა და დასვენების პარკში. ყველა კინოსეანსის დაწყების დროა 21:00 საათი. დასწრება თავისუფალია.