თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას აშშ-ის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე“ ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ საქართველოდან წარსადგენი კანდიდატი ფილმის შესარჩევად.
როგორც კინოცენტრში აცხადებენ, „ოსკარზე“ მოხვედრის შანსი აქვს ფილმს, რომელსაც კინოთეატრში შვიდი დღის განმავლობაში აჩვენებდნენ, ან აჩვენებენ 2015 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.
გარდა ამისა, კინოსურათი ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე მაინც უნდა იყოს. ასევე, კანდიდატი ფილმი კინოთეატრში საპრემიერო ჩვენებამდე ნაჩვენები არ უნდა იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტში, ხოლო კინოპროექტის შემოქმედებითი ჯგუფი ძირითადად უნდა შედგებოდეს საქართველოს მოქალაქეებისა და/ან რეზიდენტებისგან.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 30 ივლისი. დაწვრილებითი ცნობები მოცემულია კინოცენტრის ვებ-გვერდზე www.gnfc.ge.
ფილმებს, რომლებიც კინოცენტრის მოთხოვნებს შეესაბამება, კომისია 2016 წლის სექტემბერში ნახავს. კინოსურათს „ოსკარისთვის“ კომისიის წევრები კოლექტიური განხილვისა და კენჭისყრის შედეგად შეარჩევენ.
გასულ წელს საქართველომ „ოსკარზე“ ლევან თუთბერიძის „მოირა“ წარადგინა. ფილმი პრემიის პრეტენდენტების შემაჯამებელ სიაში არ მოხვდა.
ამერიკულმა კინოაკადემიამ „ოსკარის“ 89-ე ცერემონიის თარიღი უკვე დანიშნა — ცერემონია 2017 წლის 26 თებერვალს გაიმართება.