თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქართული ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. საქმე მაუწყებლის ყოფილი მმართველის ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია შპს „პანორამისთვის“ გადაცემას ეხება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიმდინარე წლის 10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება არ ამოქმედებულა, რადგან გასაჩივრების შესაძლებლობას ითვალისწინებდა.
„ფოსტის მეშვეობით საკასაციო საჩივარი შევიტანეთ უზენაეს სასამართლოში სრული რწმენით, რომ პირველი 2 ინსტანციის გადაწყვეტილება არის უკანონო და არაფერი საერთო არ აქვს სამართლიანობასთან. წინა ორი გადაწყვეტილება უპრეცედენტოა”, — განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.
მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის რეპუტაცია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
„მოვუწოდებ სასამართლოს, ნუ გახდება დამკვეთის შემსრულებელი და გადაარჩინოს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ყველაზე მთავარი, გადაარჩინოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, რომელიც წინა ორმა ინსტანციამ „რუსთავი2“-ის საქმის ფარგლებში მიწასთან გაასწორა», — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„რუსთავი2“-ის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ორი ინსტანციის სასამართლომ საქმე პროცესუალური დარღვევებით განიხილა, ხოლო გადაწყვეტილება ტელეკომპანიის უკანონო შეძენის შესახებ მხოლოდ ერთ კრიტერიუმზე — ფასების დისპროპორციაზე — დაყრდნობით მიიღეს. დროებითი მმართველების დანიშვნის გადაწყვეტილება, რომელიც მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის გამო გააუქმეს, ეხებოდა სარედაქციო პოლიტიკას და ზღუდავდა სიტყვის თავისუფლებას.
„რუსთავი2“-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი დაჟინებით მოითხოვს, რომ საქმე, მუხლის უნიკალურობის გამო — საუბარია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლზე „ამორალური გარიგება“, უზენაესმა სასამართლომ განიხილოს. საქმის უნიკალურობა ისაა, რომ უზენაეს სასამართლოს ამგვარი საქმე არასდროს განუხილავს.
გვარამიამ თხოვნით მიმართა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე მზია თოდუას, აიცილოს ეს საქმე, რადგან არ ენდობა მას, ის ამტკიცებს, რომ თოდუამ მმართველი კოალიციის ანგარიშზე რამდენჯერმე გადარიცხა შემოწირულობა.
„რუსთავი2“-ის საქმეზე სასამართლო გარჩევამ, რომელიც უკვე 11 თვეა, მიმდინარეობს, ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.