თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ბევრი ქართველი პოლიტიკოსი გადავიდა ზღვარს თავის კომენტარებში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გარშემო სასამართლო გარჩევასთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში.
მმართველი კოალიციის წარმომადგენელმა დეპუტატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „რუსთავი2“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არაობიექტურად აშუქებს და მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ინტერესებს იცავს.
„რუსთავი2“-ის საქმეზე პოლიტიკური კლასი ძალიან აქტიური იყო. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, მედიასთან მიმართებით, თავის რიტორიკაში დადგენილი დემოკრატიული სტანდარტების ზღვარს გადავიდა. მეც ხელისუფლების ნაწილი ვარ და „რუსთავი2“-ს არ ვებრძვი. პირიქით, მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნება მნიშვნელოვანია“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
„რუსთავის2“-ის საქმე დასავლელ პარტნიორებთან დისკუსიების დროს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა, აღნიშნა პრეზიდენტმა.
„ფაქტია, რომ „რუსთავი2“ პოლიტიკური და მედია-ლანდშაფტის სერიოზული მოთამაშეა. უფრო მეტიც, ფაქტია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოლიტიკოსები ამ თემას ძალზე აქტიურად განიხილავენ“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
ტელეკომპანია, სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, 2015 წლიდან საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრშია. სასამართლო გარჩევას აღიქვამენ, როგორც ამჟამინდელ და ყოფილ ხელისუფლებებს შორის ბრძოლას.