ქართველი მუშკეტერის ბრაზილიური იმედები

© ს. ბაზაძის პირადი არქივისანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამოუკიდებლობის წლებში ყველაზე მეტი – 36-36 ოლიმპიელი გვყავდა ატლანტასა (1996) და სიდნეიში (2000), ყველაზე ნაკლები – 33 – ათენში (2004). ახლახან გაირკვა, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რიოს საგზური გაინაღდა და გახდა ჩვენი გუნდის 38-ე მონაწილე, ანუ საქართველოს დელეგაცია, თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი იქნება.

ადრე მსმენია ასეთი ლოზუნგი: „მთავარია ოლიმპიადაში მონაწილეობა“-ო, რაღაც არ მგონია ბოლომდე გამართლებული გამოთქმა. ღირს კი ოლიმპიურ ფორუმზე იმისთვის წასვლა, რომ წლების მერე დაიტრაბახო, აი, ბატონო მეც იქ გახლდით, როცა ესა და ეს მოვლენა მოხდაო? ჩვენს ამ ფორმაციის ნაკრებშიც მოიძებნებიან ე.წ. „ტურისტები“, თუმცა ბრძოლით მაინც იბრძოლებენ, შედეგისა კი რა მოგახსენოთ. ამ ჯერზე, იმათზე გიამბობთ, ვისიც გულშემატკივარსაც ეიმედება და სპეციალისტებსაც.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გენო პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადისთვის ემზადება

ქართველ მოფარიკავეთა აქტივში ორ-ორი ოლიმპიური ოქრო და ბრინჯაოა: ჩემპიონები ნუგზარ ასათიანი (1964 – ტოკიო) და ვლადიმერ აფციაური (1988 – სეული) გახდნენ, გურამ კოსტავამ კი რომის და ტოკიოს ოლიმპიადებზე პირადსა და გუნდურში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. მას შემდეგ, თუ 1996 წელს ატლანტაში არჩილ ლორთქიფანიძის მონაწილეობას არ ჩავთვლით, ქართველებს  ხელშესახები წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. მხოლოდ მას შემდეგ რაც ფედერაციის პრეზიდენტად წარსულში ცნობილი სპორტსმენი და საზოგადო მოღვაწე არჩილ გოგელია აირჩიეს, საერთაშორისო სარბიელზე კვლავ გამოჩნდნენ და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს ქართველმა მუშკეტერებმა. ბატონმა არჩილმა გვერდით დაიყენა მსოფლიოს ჩემპიონი და სხვა მრავალი ტიტულის მფლობელი ბატონი იური ოსიპოვი, ფედერაციის საქმიანობაში ჩაებენ სპორტის ამ სახეობის გამორჩეული ოსტატები: საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი დავით სახვაძე, ცნობილი სპეციალისტი მერაბ ბაზაძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვის სახელსაც უკავშირდება ჩვენი მოფარიკავეების დღევანდელი წარმატებები და შედეგიც სახეზეა: ბატონი მერაბის შვილმა სანდრო ბაზაძემ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე.  

ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო
რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების საზეიმო გაცილება 23 ივლისს გაიმართება
 

 პრაღის ტურნირს ევროპიდან ვაჟთა და ქალთა შორის რიოს წლევანდელი თამაშების ექვს-ექვსი ლიცენზიანტი უნდა გამოევლინა. სანდრო ბაზაძემ ჯგუფში ზედიზედ დაამარცხა თურქი ენვერ ილდირიმი – 5:1, მოლდოველი ნიკოლაი ზაპოროჟენკო – 5:1, სერბი მარიკო კაიჯიჩი – 5:1 და ხორვატი იოსიპ ბრაიდიჩი – 5:0.

პლეი-ოფის პირველ ეტაპზე სანდრომ ესპანელ ფერნანდო კასარესს სძლია – 15:7, 1/4-ფინალში კი ისრაელის წარმომადგენელი კონსტანტინ ვორონოვი დაამარცხა – 15:12 და მასთან ჯგუფში 3:5 წაგებისთვის რევანში აიღო. ნახევარფინალში გასვლამ სანდროს ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა! 

სანდრო ბაზაძეს მანამდელი ტიტულები ახალგაზრდულ პირველობებზე ჰქონდა მოპოვებული (მათ შორის ორჯერ ევროპის ჩემპიონობა), ლიცენზიის აღებამ ეტყობა სტიმული მისცა და  14 მაისს, მადრიდში მიმდინარე მსოფლიო თასზე მორიგ წარმატებას მიაღწია. სანდრომ ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან ექვსივე მოწინააღმდეგე დაამარცხა და 64 საუკეთესო მოფარიკავეს შორის მოხვდა, რომლებმაც თასისთვის ბრძოლა გააგრძელეს, ახლა უკვე – ოლიმპიური სისტემით.

მძიმე ათლეტიკა - Sputnik საქართველო
სიმძიმეებთან მორკინალების ოლიმპიური იმედები

ბაზაძემ 15:12 დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, ეგვიპტელი მუჰამერ ამერი, მერე დიდი უპირატესობით – 15:8 მოუგო იტალიელ მსოფლიოს ჩემპიონს ფრანჩესკო ბონსანტოს, მერვედფინალში კი გზიდან ჩამოიცილა გუნდურ ჩათვლაში ლონდონის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, რუმინელი ტიბერიუ დოლნიჩეაუ – 15:12.

სანდროს არანაკლებ გამოცდილი და ტიტულიანი მეტოქეები ჰყავდა მოთხედფინალურ და ნახევარფინალურ შეხვედრებში იტალიელების – ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორის დიეგო ოჩიუზის და მსოფლიოს ჩემპიონის ლუკა კურატოლის სახით. ჩვენმა მოფარიკავემ ორივეს დამაჯერებლად სძლია, ფინალური შეხვედრა კი ფრანგ ვინსენტ ანსტეტთან დათმო – 9:15. მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედლის მოგებამ ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიადის ფავორიტად აქცია, მას უკვე უფრთხიან და ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევენ.

სანდროს წარმატების სჯერა ფედერაციის პრეზიდენტსაც: არჩილ გოგელია- ფარიკაობაში დაბრძენების ასაკი 25 წლიდან იწყება, სანდრო ჯერ 23-საა, მას ყველაფერი წინ აქვს, თუმცა არც ბრაზილიაში ვართ უიმედოდ. ნუ დაგვავიწყდება რომ მსოფლიოს თასზე ორ მსოფლიოს ჩემპიონს მოუგო, თან საკმაოდ დიდი სხვაობით, ფარიკაობაში შემთხვევითობის ალბათობა ძალიან მცირეა, ასე რომ თუ გამოუცდელობამ არ დააღალატა, აუცილებლად შესწვდება მედალს, რომლის ხარისხიც იმედი მაქვს უმაღლესი იქნება.

როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოსთვის მუშკეტერთა წარმატებები უცხო ნამდვილად არ არის, მრავლად გვყვანან მსოფლიოსა და  ევროპის ჩემპიონები, ოლიმპიელი ტრიუმფატორებიც ჩამოგითვალეთ. იმედი მაქვს, როდესაც ისევ მომიწევს მათი სახელ-გვარის ხსენება აუცილებლად დავამატებ ახალს-სანდრო ბაზაძე.

თენგიზ ჩოჩუა

 

 

ყველა ახალი ამბავი
0