თბილისში, „ზემელზე“ გაზრდილი ბიჭი რაფაელ ჩიმიშკიანი იყო ის პიროვნება, ვინაც ჰელსინკის „მესუჰალეში“ დაამარცხა მეტოქეები, მისი უდიდებულესობა შემთხვევითობაც და ქართულ დელეგაციას ამ უდიდეს სპორტულ ფორუმზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ბატონი რაფო ახლა ახალგაზრდა ქართველი ყმაწვილებისგან ელის იგივეს გამეორებას, ისევე, როგორც მის მსგავსად ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და დღეს ქართული ძალოსნობის თავკაცები — კახი კახიაშვილი და გიორგი ასანიძე. ახლა მოგახსენებთ, რამდენად რეალურია მათი მოლოდინი და, საერთოდაც, რა რესურსი გაგვაჩნია.
ევროპის წლევანდელ პირველობაზე ქართველმა ძალოსნებმა სამი ლიცენზია მოიპოვეს. სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიადის მონაწილეებს მწვრთნელები ასახელებენ. ერთი, ვისი კანდიდატურაც ეჭვს არ იწვევს, ევროპისა და აწ უკვე მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძეა. 22 წლის ლაშამ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით მოიგო. ქართველმა ძალოსანმა მძიმეწონოსანთა (+105 კგ) შეჯიბრში ექვსივე მისვლა გამოიყენა და უახლოეს კონკურენტს 21 კილოგრამით (!) აჯობა.
გასაკვირი არ ყოფილა, რომ ტალახაძემ ჯამში 3 ოქროს მედალი მოიპოვა. იგი საუკეთესო იყო ატაცში, აკვრაში და ჯამური შედეგითაც. აკვრაში ქართველი ძალოსანი სხვებისგან კიდევ უფრო გამოირჩეოდა – 251 კგ-იანი შტანგა ასწია და კონკრეტულად ამ მოძრაობაში უახლოეს კონკურენტს 12 კგ-ით აჯობა.
საერთო ჯამში, ლაშამ თავი 463 ქულას მოუყარა და ტურნირის უმთავრეს ვარსკვლავად იქცა, ვერცხლის მედალი სომეხ გორ მინასიანს (442, 205+237) ერგო, მესამეზე კი ესტონელი მარტ სეიმი (424, 185+239) გავიდა.
ცნობისათვის: 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძეს ატაცში 207 კგ ჰქონდა, აკვრაში – 247 კგ, ჯამში – 454 კგ, მაგრამ მაშინ პირველ ადგილზე გავიდა რუსი მძიმეწონოსანი ძალოსანი ალექსეი ლოვჩევი, რომელიც იმ მსოფლიო ჩემპიონატზე საოცარი შედეგებით ოქროს მედლის მფლობელი გახდა, მალევე კი დოპინგის კვალი აღმოუჩინეს და 4 წლით იქნა დისკვალიფიცირებული. შეგახსენებთ, რომ ლას-ვეგასში გამართულ მსოფლიო პირველობაზე რუსმა ძალოსანმა ატაცში 211 კგ დასძლია და ქართველს მხოლოდ 2 კგ-ით აჯობა, აკვრაში კი ერთბაშად 264-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და ყველანი სახტად დატოვა.
მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ლოვჩევი ამგვარ საოცარ შედეგს (ჯამური 475 კგ) აკრძალული პრეპარატების გარეშე ვერ დააფიქსირებდა. შეჯიბრის დასრულებიდან ორიოდ თვეში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ალექსეის სისხლში დოპინგის კვალის შესახებ განაცხადა და სპორტსმენი ტურნირებს დროებით ჩამოაშორა.
ცხადია, რუსებმა ყველაფერი უარყვეს და განმეორებითი ტესტირების ჩატარება მოითხოვეს. ლოვჩევის სამწუხაროდ, B სინჯმა ახალი არაფერი მოიტანა და მას ოფიციალური განცხადების გაკეთებაც მოუხდა:
“გუშინ, საღამოს საერთაშორისო ფედერაციიდან დოკუმენტები მივიღე, სადაც ნათქვამია, რომ 4 წლით დისკვალიფიცირებული ვარ. ადვოკატთან ერთად ამ გადაწყვეტილებას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გავასაჩივრებ. ამის საფუძველი ნამდვილად გვაქვს”.
ქართველი ქომაგისთვის ინფორმაცია მით უფრო საინტერესოა, რომ ლოვჩევი მოახლოებულ ოლიმპიადაზე ქართველი ტალანტის ლაშა ტალახაძის უშუალო კონკურენტად მოიაზრებოდა. სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აშენება ვერაფერი საქციელია, მაგრამ ფაქტია, რომ 22 წლის ქუთაისელი სპორტსმენის მძლეველი დღეს სხვა არავინ მოჩანს, თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ეს ოლიმპიური თამაშებია და ძალიან ხშირად ვარსკვლავების დაბადების ადგილიც. ფაქტი ერთია – რიოდან ტალახაძისგან ოქროს მედალს ველით და ეს მოლოდინი მის რეალურ ძალასა და შესაძლებლობაზეა დაფუძნებული და არა ვინმეს დისკვალიფიკაციაზე.
იქვე, ევროპირველობაზე საქართველოს სახელით იასპარეზა ანასტასია გოტფრიდმა და დაძაბულ ბრძოლაში ორივე მოძრაობაში მე-2 შედეგი აჩვენა, ჯამშიც ვერცხლის მედალი მოიპოვა. მაშინ დაიწერა, რომ რიოს საგზურიც განაღდებული ჰქონდა, თუმცა, როგორც გამოირკვა, ასე არ ყოფილა.
ცოტა ხნის წინ თბილისმა უმასპინძლა ახალგაზრდებს შორის მსოფლიო პირველობას ძალოსნობაში, სადაც 47 ქვეყნის 3000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს დელეგაციამ (8 ვაჟი და 4 გოგონა) 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველობა არავის დაუთმო გიორგი ჩხაიძემ, კვლავ ვერცხლს დასჯერდა ანასტასია გოტფრიდი.
შეჯიბრის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე შედეგები შეაჯამა და ოლიმპიურ გეგმებზე ისაუბრა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა:
— შეიძლება ითქვას, რომ გეგმა გადაჭარბებით შევასრულეთ, რადგან 5 მედალი გვქონდა დაგეგმილი და 6 ავიღეთ. რაც შეეხება ოლიმპიადას, თითო ლიცენზია აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძესა და ევროპის ჩემპიონ ირაკლი თურმანიძეს გადაეცემათ. მესამე ლიცენზიაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, მას ან რაულ ცირეკიძეს ან ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონ ჩხეიძეს გადავცემთ. ქალებში ლიცენზია არ მოგვიპოვებია, მაგრამ ოლიმპიადაზე გოტფრიდის გამგზავრების შანსი მაინც არის. შესაძლოა, ქალთა შორის მერვე წონითი კატეგორია დაემატოს, რომელიც 85 კგ წონითი კატეგორია იქნება. გოტფრიდს, რომელიც 88 კგ-ს იწონის, თავისუფლად შეუძლია ამ კატეგორიაში გამოვიდეს. იგი ამჯერად თავისზე უფრო მძიმე სპორტსმენებს უწევს კონკურენციას, რომელთა წონაც 100 კგ-ს ბევრად აღემატება. არის კიდევ ერთი შანსი, თუ რომელიმე სპორტსმენმა ოლიმპიადაზე გამგზავრება ვერ შეძლო, გოტფრიდი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც მას ჩაანაცვლებს. ოლიმპიადამდე რომელიმე ტურნირში გამოსვლას აღარ ვგეგმავთ. ახლა მთლიანად რიოსთვის მზადებაზე გადავერთვებით და, იმედია, წარმატებასაც მივაღწევთ. წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, რადგან ეს ოლიმპიადაა და იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს…
რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის ისიც, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა საქართველოს დელეგაციის ყულაბაში ბრაზილიური ოქროებიც გაურიონ და კიდევ ერთხელ გაახარონ გულშემატკივრები, ამაგდარი და ბევრისმნახველი მწვრთნელები და განსაკუთრებით გაახარონ, სავარაუდოდ, მათი ყველაზე ასაკოვანი ქომაგი – ძია რაფო, პირველი ქართული ოქროს შემოქმედი კაცი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ დიდებულ ტრადიციას, ოლიმპიადებსა და მსოფლიოს პირველობებზე გამარჯვებების ტრადიციას…
თენგიზ ჩოჩუა