თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ყველა შესაბამისი სამსახური, კოკისპირული წვიმის შედეგების ლიკვიდაციისთვის, ბათუმსა და აჭარის რაიონებშია მობილიზებული, აღნიშნულია აჭარის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
8 ივლისს მოსული წვიმა წყალდიდობისა და მეწყერის მიზეზი გახდა.
„ამ დროისთვის ქალაქში (ბათუმში) სტაბილური მდგომარეობაა. დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები მთელი ქალაქის მასშტაბით ახორციელებენ მონიტორინგს. მიმდინარეობს ქუჩებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდა ნარჩენებისაგან. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შპს,,ბათუმის წყლის“ ბრიგადები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ქალაქში რჩება რამდენიმე პრობლემური ადგილი, სადაც მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. დაიტბორა ძირითადად ის უბნები, რომელთა რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს და სადაც წლების განმავლობაში არ არსებობდა სანიაღვრე და საკანალიზაციო არხები.
უხვი ნალექის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე. ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა. მახინჯაურში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
ყველაზე ძლიერი მეწყრული და სტიქიური პროცესები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ცხემვანას ხიდი ხულოში, ასევე დროებით აღდგენილი ხიდი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბაში. უჩამბის ხიდის მიღმა მცხოვრები 320 ოჯახი დროებით ალტერნატიული გზით ისარგებლებს.
მნიშვნელოვნად დაზიანდა შიდასასოფლო გზები ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში.
სოფელ ჯალაბაშვილებში ერთ–ერთი მცხოვრების სახლთან მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც საავტომობილო გზა ჩაკეტა. გზა სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა.
ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო კომისიები, რომლებიც მიყენებულ ზარალს აღწერენ.
წყალდიდდობა პარასკევს ასევე იყო იმერეთსა და სამეგრელოში.