თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. გუშინ, ღამით, ბათუმში მოსული კოკისპირული წვიმის შედეგად, ცენტრალური ქუჩები დაიტბორა, აღნიშნულია ქალაქის მერიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
განსაკუთრებით დაზიანდა შაფათავას, სულაბერიძის, სააკაძის, ტაბიძის, მაქაცარიას, ხიმშიაშვილის, ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩები.
ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. უკვე განხორციელდა ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა. ამჟამად არხები გახსნილია, ზღვაზე შტორმი არაა და შეუფერხებლად ხდება წყლის მიღება.
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქუჩებში არსებული სანიაღვრე ჭების ცხაურების გაწმენდა.
გუშინ ვანის რაიონში 50 სოფელი დაიტბორა. ეს რაიონის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 80%-ია. დაზიანდა სახლის სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები, განადგურდა მოსავალი.