თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მრავალი წელია, ნატოსთან დაახლოებისკენ მიმართულ რეფორმებს ატარებს. სწორედ ამაზე ამახვილებენ ყურადღებას ნატოს-წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ქვეყნის პირველი პირები და სხვა პროდასავლელი პოლიტიკოსები.
ამჯერად, საქმეში ქართული ღვინო ჩაერთო. „საფერავი“ და „მწვანე-ქისი“ ის ღვინოებია, რომლებითაც ვარშავაში ნატოს სამიტის მონაწილეებს საპატიო ვახშამზე გაუმასპინძლდებიან. ქართული მხარე წინასწარ მოემზადა — ღვინო სპეციალურად ღონისძიებისთვის ჩამოასხეს და სამიტის ლოგოტიპის გამოსახულებიანი ეტიკეტი დაურთეს.
ქართული დელეგაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით უკვე პოლონეთშია და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისთვის ემზადება. შეხვედრის მონაწილეები ქართულ ღვინოს საჩუქრად მიიღებენ.
მოლოდინები
ნატოს ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია, რომ ალიანსი უახლოეს მომავალში გაფართოებას არ აპირებს, თუმცა, მჭიდრო ურთიერთობა საქართველოსთან გაგრძელდება.
„მივესალმებით პროგრესს, რომელსაც საქართველო აჩვენებს და მის მხარდაჭერას განვაგრძობთ“, — განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
საქართველო ნატოსგან ახალი გზებისა და მიმართულებების შემუშავებას ელოდება, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს და ალიანსთან უფრო დააახლოებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა სამიტის ფარგლებში პირველად გაიმართება. შეხვედრაზე მიიღებენ მოცულობით დოკუმენტს, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ.
„ვფიქრობ, ამ სამიტის შედეგად არსებული პაკეტი კიდევ უფრო გაფართოვდება, რაც საქართველოში უსაფრთხოებას უფრო მაღალ საფეხურზე დააყენებს“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს ალიანსის წევრობაში დაეხმარება, 2014 წლის უელსის ნატოს სამიტზე მიიღეს.
იმის თაობაზე, რომ ვარშავაში არსებული პაკეტის დამატებითი საშუალებების განხილვა იგეგმება, თბილისში ვიზიტისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
საჭიროა ნატო?
საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ნატო ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიაა, თუმცა, ამას ყველა პოლიტიკოსი და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა“ ნინო ბურჯანაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ პრიორიტეტული რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება უნდა გახდეს. ამასთან, უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოში არავინ მიიღებს, აღნიშნა მან.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე თავში უნდა დაემატოს მუხლი, რომლის თანახმად საქართველო ბლოკგარეშე სტატუსს გამოაცხადებს.. ანუ, საქართველო უარს იტყვის ნებისმიერი სამხედრო ბლოკის წევრობაზე, იქნება ეს ნატო თუ ნებისმიერი სხვა სამხედრო ორგანიზაცია“, — განაცხადა ბურჯანაძემ.
პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნის ნატოში სწრაფვას უჭერენ მხარს, არაერთხელ გააკრიტიკა პარლამენტის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა. მისი განცხადებით, საქართველომ ურთიერთობები უნდა მოაგვაროს რუსეთთან.
რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობა, ცნობილი 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი უკვე 50-მა პარტიამ შეიტანა, რომელთა საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები სხვადასხვაგვარია.
პარტია „ქართული დასის“ ინიციატივით უკვე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ცესკოში რეფერენდუმის ჩატარებისთვის განაცხადი შეიტანა. რეფერენდუმის კითხვაა „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში?“
ჯერჯერობით იმათ პოზიციას, ვინც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ემხრობა, ამყარებს 2003 წლის ნოემბერში ჩატარებული რეფერენდუმი. მაშინ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის 77,8%-მა დაუჭირა მხარი.