ქართული ღვინო, ხაჭაპური და ბარაკ ობამას გზავნილი...

© FB/посольство США ჯონ კერი ქართულ სუფრასთან
ჯონ კერი ქართულ სუფრასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯონ კერის თბილისური ვოიაჟის მიზანი და მთავარი გზავნილი... რა ითქვა ახალი და მოულოდნელი, რა იკითხება საჯარო განცხადებებსა და სტრიქონებს შორის...

ავიალაინერი საპატიო სტუმრით ბორტზე დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენი დროით 12 საათსა და 48 წუთზე დაეშვა… 

ჯეიმს ბეიკერის, კოლინ პაუელის, კონდოლოზა რაისისა და ჰილარი კლინტონის შემდეგ ჯონ კერი ამერიკის შეერთებული შტატების უკვე რიგით მეხუთე სახელმწიფო მდივანია, რომელიც თბილისს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ჩვენი ქალაქი მისთვის უცხო არ არის. 2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ ის საქართველოში მასაჩუსეტსის კონგრესმენის რანგში ჩამობრძანდა. „ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი საქართველოში, თბილისში და პირველი ვიზიტი სახელმწიფო მდივნის რანგში. მას შემდეგ, რაც ბოლოს თქვენთან გავსინჯე ხაჭაპური და მშვენიერი ღვინო დავაგემოვნე, მიკვირს, რომ აქამდე არ ჩამოვედი…“ ეს სიტყვები ჯონ კერიმ მოგვიანებით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე წარმოთქვა და იქვე დასძინა, რომ საქართველო არის შესანიშნავი, დემოკრატიული ქვეყანა რთული სამეზობლოთი.

ჯონ კერი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: ჯონ კერის ვიზიტი საქართველოს ძლიერი მხარდაჭერის დადასტურებაა

მანამდე იყო დახვედრის ოფიციალური ცერემონია, საპატიო ყარაული… შემდეგ მოვლენები წინასწარ გაწერილი სცენარით წარიმართა. მკაცრად დაიცვეს პროტოკოლი. შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან… ოპოზიციური პოლიტიკური სივრციდან საპატიო სტუმართან შეხვედრის პატივი წილად ხვდათ მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებს. ყველა სხვა პარტია „თავის დროს დაელოდება“… სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ. ითქვა, რომ ახლა ჩვენი ქვეყანა უფრო დაცული იქნება.

ჯონ კერი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველომ და აშშ-მ ხელი მოაწერეს მემორანდუმს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე

გიორგი კვირიკაშვილი: „ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და ის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ არის მიმართული. საქართველოს ეძლევა თავდაცვითი იარაღის და შეიარაღების შეძენის ახალი შესაძლებლობები…“

თინა ხიდაშელი: „პირველად 25 წლის თანამშრომლობის ისტორიის მანძილზე, ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის საქმეში ამერიკული მხარის დახმარების შესახებ. ამერიკელები ჩვენთან ერთად იღებენ პასუხისმგებლობას, დაგვეხმარონ ჩვენი შიდა ამოცანების, შიდა პრობლემების, შიდა საჭიროებების გადაწყვეტაში, ეფექტურ მართვაში და შეიარაღებაში. ჩვენ მივიღეთ ახალი ინსტრუმენტი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ღონისძიებების მხარდაჭერისთვის. არასოდეს ასეთი რამ არ გვქონია…“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქართული ღვინითა და ხაჭაპურით აღფრთოვანებულია - Sputnik საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქართული ღვინითა და ხაჭაპურით აღფრთოვანდა

საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე საუბრისას ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, თუმცა განმარტა, რომ ეს „განგრძობადი პროცესია და ნამდვილად დადგება დრო, როცა საბოლოო ნაბიჯები გადაიდგმება…“ ახლა, თქვენ ალბათ იკითხავთ, როდის „დადგება დრო“… მომიტევეთ, მე ვერაფერს გეტყვით, რადგან თავად სახელმწიფო მდივანს არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ ჯონ კერიმ დაადასტურა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს ვარშავის სამიტზეც დაფიქსირდება. 

ჯონ კერი: „ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ბუქარესტის სამიტზე აღებულ ვალდებულებას. ამას ხაზი გავუსვით ჩიკაგოსა და უელსის სამიტებზეც. აღნიშნული ასევე გაიჟღერებს ვარშავის სამიტზეც. საქართველომ აირჩია ევროატლანტიკური მომავალი და აშშ თავის ვალდებულებას გრძნობს, დაეხმაროს საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში…“

ნატოს ვარშავის სამიტის წინ საქართველოში ჯონ კერის ვიზიტის მნიშვნელობაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს ხელისუფლებას არ დაუმალავს, რომ ქვეყანა მოუთმენლად ელოდება მორიგი სამიტის გადაწყვეტილებებს. საქართველოში იმედოვნებენ, რომ ვარშავის თავყრილობის შემდეგ ქვეყანა მეტად დაცული იქნება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურების შეხვედრა ვარშავაში უახლოეს ორ დღეში გაიმართება და საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს…

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ვარშავის სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს
  

ჯონ კერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. 

ალექსანდრე ჯეჯელავა: „ძალიან მნიშვნელოვანია. მემორანდუმის გაფორმებით გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯი. მომავალში საქართველოდან კიდევ უფრო მეტ სტუდენტს, მათ შორის მაგისტრანტებს, მიეცემა ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელებისა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა…“

სახელმწიფო მდივანს არც მომავალი საპარლამენტო არჩევნები დავიწყებია და გვითხრა, რომ საშემოდგომო ბატალიები საქართველოსთვის კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი იქნება. ვიზიტი დასრულდა, ახლა შეფასებებისა და ანალიზის დროა. მრავალ სხვა კითხვათა შორის არსებითია, რა იყო ჯონ კერის სტუმრობის მიზანი და მთავარი გზავნილი. 

ჯონ კერი: „აქ ჩამოვედი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მესიჯით — აშშ ოფიციალურად უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. უსაფრთხოების კუთხით ჩვენი პარტნიორობა ღრმავდება და ეს ორხმრივი პროცესია…“

რა ითქვა ახალი და მოულოდნელი, რა იკითხება საჯარო განცხადებებსა და სტრიქონებს შორის?

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი: „ვიზიტის მიზანი იყო ქვეყნის მხარდაჭერა და ერთიანობის ჩვენება. დემონსტრირება იმისა, რომ საქართველო ნამდვილად მიდის ევროატლანტიკური სივრცისკენ, რაშიც მას ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება და სრულ მხარდაჭერას ჰპირდება. ახლა მკვეთრ მესიჯებს არ ველოდი, განსაკუთრებით, ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ. განსაკუთრებით ხისტი იყო რუსეთთან მიმართებაში, როცა ოკუპაცია, ოკუპირებული ზონების მილიტარიზაცია ახსენა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესრულება მოითხოვა. მკაფიო იყო მისი განცხადებები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და მისი უსაფრთხოების სისტემის განვითარების მხარდაჭერის თაობაზე. ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან გამართული შეხვედრები მის წარმოდგენებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენდა… ის კარგად არის ინფორმირებული. ერთია, თუ რა აზრი ყალიბდება საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების ცნობიერებაში და მეორეა ვიზიტის პოლიტიკური მიზანი — ეს არ არის საქართველოს მთავრობის დისკრედიტაცია ვარშავის სამიტის წინ ან მასზე ზეწოლის განხორციელების მცდელობა…“

პოლიტიკოსების და ექსპერტების დიდი უმრავლესობის შეფასებით, აშკარა იყო ჯონ კერის გზავნილები იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, ის აფასებს საქართველოს ღვაწლს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და განიხილავს საქართველოს როგორც ნატოს წევრი ქვეყნების უახლოეს პარტნიორს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ანალიტიკოსების ერთი ნაწილი, ოფიციალური ვიზიტის შინაარსთან ერთად, ყურადღებას ამახვილებს სტუმრობის დროსა და ფორმაზე. 

ჯონდი ბაღათურია - Sputnik საქართველო
ჯონდი ბაღათურია: ჯონ ქერის ვიზიტი - ეს არის უფროსი ძმის ჩამოსვლა უმცროს ძმასთან

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია: „ჯონ კერის ვიზიტი თავისი ფორმით, შინაარსით და დროით სრულიად შეესაბამება ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას. თავად ეს სტრატეგიული პარტნიორობა რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. ეს არის დემოკრატია, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ეკონომიკა, ვაჭრობა და უსაფრთხოება. ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კეთილდღეობა და ის პრობლემები, რაც ეკონომიკური კუთხით არის ქვეყანაში. ეს წარმოუდგენელი და მიუღწეველია, თუ ქვეყანას არ აქვს უსაფრთხოების ორმხრივი და მრავალმხრივი გარანტიები. ხოლო იმისთვის, რომ საქართველომ ეფექტურად მიიღოს  უსაფრთხოების გარანტიები, აუცილებელია, უმაღლეს დონეზე დავაკმაყოფილოთ დემოკრატიის სტანდარტები. სწორედ ეს მარტივი ფორმულა იყო ჯონ კერის გზავნილი. აქედან გამომდინარე, არჩევნების მნიშვნელობა არის ძალიან დიდი, რადგან ეს იქნება ტესტი ქვეყნის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების მიღებისთვის როგორც ორმხრივ ფორმატში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, რაც აისახება საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე…“

ჩვენი მზერა ახლა ვარშავისკენ არის… ჯონ კერი პოლონეთის დედაქალაქს უკრაინიდან ესტუმრება და ბარაკ ობამასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური სამიტის მუშაობაში…

ყველა ახალი ამბავი
0