თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსდანდრე ჯეჯელავა საჯარო და სპეციალიზირებული სკოლების დირექტორებს შეხვდა.
ჯეჯელავას ინიციატივით, შეხვედრები სკოლის დირექტორებთან მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე შეიქმნება დირექტორთა საბჭო, სადაც იმსჯელებენ სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
„მე მაქვს მანდატი და დიდი სურვილი სკოლებს დავეხმარო“, — განაცხადა ჯეჯელავამ.
დირექტორებთან შეხვედრაზე განიხილებოდა სასწავლო პროგრამასთან, ინფრასტრუქტურასთან და ხელფასთან დაკავშირებული საკითხები.
გუშინ ჯეჯელავა პედაგოგებს შეხვდა და მათ ბოდიში მოუხადა ყველა იმ უბედურებისთვის, რაც წინა მინისტრებმა მათ დამართეს.
„ჩემი ყველაზე მთვარი ფუნქცია ჩემი თანამშრომლების მოსმენაა. მე არაერთხელ ვთქვი, რომ ჩვენი სისტემა უფრო დიდ დემოკრატიულობასა და გახსნილობას საჭიროებს“,-აღნიშნა მან.
მინისტრმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულ პედაგოგს ცალ-ცალკე ვერ შეხვდება, თუმცა შეპირდა გაეცნოს წერილებსა და შეკითხვებს, რომლებიც მას მასწავლებლებმა შეხვედრაზე გადასცეს.
„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვყავს 66 ათასი მასწავლებელი და 2 ათას 85 სკოლა, ძალიან რთულია ინდივიდუალური შეხვედრების მოწყობა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პლატფორმა, სადაც ერთდროულად რამოდენიმე ასეულ პედაგოგს შევხვდებით“, — განაცხადა მინისტრმა.
ის ასევე დაპირდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გადახედვას, რათა გახადოს ის უფრო სამართლიანი და სრულყოფილი.
„ჩვენ ქართველებს პრობლემების სწრაფი გადაჭრა გვიყვარს, თუმცა ყველაფერი სწრაფად არ გამოდის. რაც სწრაფად არ გამოვა, თანდათნობით მოგვარდება. მთავარია, რომ მასწავლებლის პატივისცემა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყანა დაინგრევა და მომავალი არ ექნება“,- დასასრულს განაცხადა ჯეჯელავამ.