თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა და ბოდიში მოუხადა ყველა იმ უბედურებისთვის, რაც მისმა წინამორბედებმა დამართეს.
ჯეჯელავამ თანამდებობა ივნისის დასაწყისში დაიკავა. დღევანდელი შეხვედრა საქართველოს მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით შედგა, რომელსაც 700-მდე პედაგოგი ესწრებოდა.
„გადავწყვიტე, რომ ყველას, სათითაოდ მოგიხადოთ ბოდიში — მე პირადად, ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს…რისთვის გიხდით ბოდიშს?— ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენ (ჩემნაირებს ვგულისხმობ), მოვახერხეთ მასწავლებლის დისკრედიტაცია. მისი პრესტიჟის დაგდება, მშობლის, ბავშვის, ადმინისტრაციის, ფაქტობრივად ყველას წინაშე”, —განაცხადა ჯეჯელავამ.
მასწავლებლებმა მინისტრი რამდენჯერმე მქუხარე აპლოდისმენტებით გააჩერეს.
მინისტრმა განაცხადა, რომ მასწავლებლის სახელი ქვეყანაზე უნდა ქუხდეს, და ის აპირებს მდგომარეობის გამოსწორებას.