თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოში კიდევ ერთი ინდური ფილმის გადაღებები დაიწყო — ამჯერად ისტორიული დრამის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 400 მსახიობი.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება, ეს ფილმი მეოთხე პროექტი გახდება, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება.
ფილმის რეჟისორია რადჰა ქრიშნა ჯაგარლამუდი, უფრო ცნობილია ქრიშის სახელით. ის ავტორია ფილმებისა „ცა“, „გამოცხადება“, „გაბარი დაბრუნდა“ და სხვ.
დრამა სახელწოდებით „გაუტამიპუტრა სატაკარნი“ ჩვ. წელთაღრიცხვის II საუკუნის ინდური იმპერიის მმართველის სატავახანის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის გადაღებები, რომლის პრემიერა მომავალ წელს იგეგმება, 6 ივლისს დაიწყო.
მთავარ როლს ფილმში ინდოელი კინომსახიობი ნანდამური ბალაქრიშნა ასრულებს. ქალების როლებს შეასრულებენ მსახიობები შრია სარა და ჰემა მალინი.
„გაუტამიპუტრა სატაკარნი“ — ეს მეორე ინდური ფილმია, რომლის გადაღებები წელს საქართველოში ხორციელდება. მიმდინარე წლის მაისიდან ცნობილმა ინდოელმა პროდუსერებმა და რეჟისორებმა ძმებმა აბას და მასთან ბურმავალებმა რომანტიკული ტრილერის გადაღებები დაიწყეს.
პროექტი „გადაიღე საქართველოში“ ნაღდი ფულის დაბრუნების მექანიზმს ითვალისწინებს, რაც საქართველოში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე კინომწარმოებლებისათვის ანაზღაურებას გულისხმობს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში სამი კინოპროექტი განხორციელდა. მათმა ჯამურმა დაანახარჯებმა 5,7 მილიონი ლარი შეადგინა.