თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ცნობილი ინდოელი პროდიუსერი და კინორეჟისორი, ძმები აბას და მასტან ბურმავალები საქართველოში რომანტიკულ ტრილერს გადაიღებენ.
გადაღებები, სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, მესტიასა და ბათუმში გაიმართება.
ინდოელი კინემატოგრაფისტები უკვე იმყოფებოდნენ საქართველოში და შეხვდნენ ქვეყნის ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს, ასევე საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ინდოელი კინოპროდიუსერები საქართველოს ტერიტორიაზე 65 დღის განმავლობაში გადაიღებენ არა უბრალოდ ეპიზოდებს, არამედ ფილმს მთლიანად. ფილმის, რომლის სახელწოდებაცაა „მანქანა“, გადაღებებში ასევე ჩაერთვება ქართული საპროდიუსერო-სარეკლამო კომპანია „ბატერფლაი“.
ძმები ბურმავალები ინდოეთის დასავლეთში, ქალაქ სურატში ავეჯის ხელოსნის ოჯახში დაიბადნენ. მათ მშობლის კვალზე წასვლა არ ისურვეს და თავისი კარიერა ფილმების რედაქტირებით დაიწყეს.
ამჟამად აბას და მასტან ბურმავალები ფილმებს ბოლივუდში იღებენ. ფილმში მონაწილეობენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან აკშაი კუმარი, ბონბი დეოლი და სხვები. თავისი ფილმების სიუჟეტებს ისინი ჰოლივუდის ფილმებიდან იღებენ.
პროექტი „გადაიღე საქართველოში“ ნაღდი ფულის დაბრუნების მექანიზმს ითვალისწინებს, რაც საქართველოში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე კინომწარმოებლებისათვის ანაზღაურებას გულისხმობს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.