თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს სტუმრობდნენ ჰოლივუდელი ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები, რომლებიც მონაწილეობდნენ ისეთი ფილმების გადაღებებში, როგორებიცაა Transformers, Captain America, The Town, The Hangover, Sicario, Mission:Impossible. მათი მიზანი კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესწავლა იყო.
სპეციალისტები 20-დან 26 ივნისის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს ათვალიერებდნენ. მათ თბილისი, რუსთავი, კახეთი, მცხეთა, ყაზბეგი, უფლისციხე, წყალტუბო, ზუგდიდი, მესტია და ანაკლია მოინახულეს.
„სწორედ აღნიშნული პირების რეკომენდაციაზეა დამოკიდებული ქვეყანაში ახალი ფილმების შემოსვლა, მათი შთაბეჭდილება კი საკმაოდ პოზიტიურია და საქართველოთი დაინტერესებაც დიდია“, — იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ცნობილი ჰოლივუდელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები საქართველოს კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ესტუმრნენ. ვიზიტის დროს ისინი ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ჰოლივუდის დელეგაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრი მასპინძლობდნენ.
ამ პროექტის ფარგლებში საქართველომ მიმდინარე წლის იანვარში ნაღდი ფულის დაბრუნების მექანიზმი (cash rebate) დანერგა, რაც კინომწარმოებლებისთვის ქვეყანაში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში" ინტერესი საკმაოდ მაღალია და მეწარმეობის განვითარების სააგენტოში უკვე შემოსულია 3 განაცხადი, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5,7 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯება.