თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოდან დუბაიში ქართული ლურჯი მოცვის პირველი პარტია გავა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიაა Vanrik Agro Group-ია, რომელმაც ქართული სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად 2015 წლის მარტში პირველი პროდუქცია დუბაიში უკვე გააგზავნა და არაბულ ბაზარზე დიდი დაინტერესების გათვალისწინებით დამატებით შეკვეთებსაც ელოდება. მოცვის დაფასოება სოფელ ლაითურში ხდება. კომპანიაში 100 ადგილობრივია დასაქმებული, სეზონზე კი დამატებით 150 ადამიანის დასაქმება ხდება.
არაბი ბიზნესმენები საქართველოს მიმდინარე წლის მაისში ესტუმრნენ და სხვადასხვა სფეროში მომუშავე 25 ქართული საწარმოს საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.
„საპარტნიორო ფონდმა“ ადრე განაცხადა, რომ ქართულ ლურჯ მოცვს ბრიტანული ქსელი Wallmart-ვის შეიძენს. დიდი ბრიტანეთის გარდა, პროდუქციის რეალიზება რუსეთის, ჰოლანდიის, სომხეთისა და ბალკანეთის ქვეყნების ბაზრებზე მოხდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის ტვირთბრუნვამ 240 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მონაცემთან შედარებით 6 %-ით მეტია.
„საპარტნიორო ფონდი“ სახელმწიფომ 2011 წლის 28 ივნისს დააფუძნა, რომლის მიზანი სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის საინვესტიციო პროექტების განხორციელების თვალსაზრისით ურთიერთთანამშრომლობა, სამუშაო ადგილების შექმნა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაა. ფონძი ოთხ სფეროში —ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობისა და უძრავი ქონების — ფუნქციონირებს.
„საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური მონაწილეობა პროექტის ჯამური კაპიტალის მოცულობის 49%-მდეა და პროექტის ჯამური ღირებულებიდან 25%-მდე. დანარჩენ კაპიტალს კი სტრატეგიული ინვესტორები უზრუნველყოფენ.