საუდის არაბეთმა საქართველოსგან ჯავშანმანქანები შეისყიდა

© photo: courtesy of STC Deltaჯავშანმანქანა
ჯავშანმანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული სამხედრო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ მიერ დაპროექტებულმა და დამზადებულმა სამედიცინო ჯავშანმანქანებმა საუდის არაბეთში მიწოდების ტენდერი მოიგო.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. პირველად ისტორიაში,საქართველოს სახელმწიფო სამხედრო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანები (12 ერთეული) საუდის არაბეთს მიეწოდება, აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

2015 წლის დეკემბერში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საუდის არაბეთის ხელისუფლება 100 მლნ ლარამდე (დაახლოებით 40 ათასი აშშ დოლარი) ღირებულების 100-ზე მეტი ჯავშანმანქანის შესყიდვას აპირებს. 

ახალი სნაიპერული შაშხანა - Sputnik საქართველო
საქართველოში ახალი სნაიპერული შაშხანა დამზადდა

„დელტას“ მიერ დაპროექტებულ და მომზადებულ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანებს ერთდროულად ოთხი დაჭრილის გადაყვანა შეუძლია. ისინი 356 ცხენის ძალის მქონე ტურბოდიზელის ძრავით არიან აღჭურვილი და საათში 120 კილომეტრამდე სიჩქარის განვითარება შეუძლიათ.

გარდა ამისა, ორმაგი ჯავშანის წყალობით, მანქანები 7,36მმ კალიბრის ჯავშანსაწინააღმდეგო ტყვიებსა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების მოხვედრას უძლებენ.

ჯავშანმანქანა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში გაიგზავნა. საველე ტესტირებებისას ადგილობრივი მძღოლ-მექანიკოსების მიერ მანქანა სხვადასხვა რელიეფის პირობებში გამოიცადა — მათ შორის: მანევრირება მაღალ და დაბალ სიჩქარეებზე, მუხრუჭების, აჩქარების, მაქსიმალური სიჩქარის ტესტი, გამავლობის შემოწმება მაღალმთიან და უდაბნოს პირობებში, ძრავისა და სავალი ნაწილების მაქსიმალური დატვირთვის შემოწმება 40 კილომეტრიანი გარბენის პირობებში ზღვრულ სიჩქარეებზე.

ქართულმა სამედიცინო ჯავშანმანქანამ წარმატებით გაიარა ტესტირების ყველა ეტაპი, და გავიდა ფინალში ამერიკულ კომპანია LENCO-სთან ერთად. თუმცა ქართულმა ჯავშანმანქანამ, ამერიკულ კონკურენტთან შედარებით, ყველა ტექნიკური პარამეტრით უკეთესი შედეგი აჩვენა.

2015 წლის დასაწყისში კომისიამ „დელტას”კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნილებები წარუდგინა, რის შემდეგაც „დელტამ“ დაამზადა კონკრეტულ მოთხოვნებზე და პირობებზე მორგებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის პროტოტიპი.

კონტრაქტის წარმატებით დასრულების შემდეგ „დელტა“ კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას საუდის არაბეთის სამეფოს სახმელეთო ძალებთან და მიაწოდებს სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ასეულ ჯავშანმანქანას. 

სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 2010 წელს შეიქმნა. ის 2014 წლის მარტამდე თავდაცვის სამინისტროს, ამჟამად კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

ცენტრმა გამოუშვა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“, ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“, უპილოტო საფრენი აპარატები, ნაღმმტყორცნები, ჯავშანჟილეტები და სხვა.


ყველა ახალი ამბავი
0