თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ნიუ-იორკის მოდის კვირეული მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში არა მარტო მნიშვნელოვანი მოვლენაა, არამედ ის ადგილიცაა, სადაც დამწყებ დიზაირნერებს, არტ-დირექტორებსა და მოდელებს საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობა ეძლევათ.
იმისთვის, რომ მსოფლიო მოდის სამყაროში მოხვდეთ, საკმარისი არაა მხოლოდ ნიჭი და სილამაზე. ფორტუნა — აი, რა თამაშობს რეალურად გადამწყვეტ როლს, თვლის ქართველი ემიგრანტი დიმიტრი ჩხეიძე.
ჩხეიძემ თავისი ცხოვრება მოდას მიუძღვნა, მიუხედავად იმისა, რომ ის პროფესიით თერაპევტია. ორი წლის განმავლობაში მან შეძლო დიდი წარმატების მიღწევა და ისეთი ბრენდების ჩვენებების არტ-დირექტორობა, როგორებიცაა Calvin Klein, Brandon Maxwell (ცნობილი მომღერლის ლედი გაგას დიზაინერი და სტილისტი), Style Fashion Week. გარდა ამისა, ის Couture Fachion Week-ის სცენის მენეჯერია.
„მე თავიდან Calvin Klein-სთვის გავაკეთე ჩვენება და ყველაფერი იმდენად კარგად გამოვიდა, რომ შემდეგ Brandon Maxwell-ის ჩვენების გაკეთება შემომთავაზეს. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. ბრენდონის ძმა ბენი ჩემი ძველი მეგობარია და ყველაფერი რაღაცნაირად კარგად გამოვიდა. მე ძალზე გამიმართლა“, — განაცხადა Sputnik-თან საუბრისას ჩხეიძემ.
Brandon Maxwell-ის ჩვენება ჩხეიძისთვის ამერიკელ მომღერალთან ლედი გაგასთან ნაცნობობით დასრულდა, რომელთანაც ქართველ არტ-დირექტორს განსაკუთრებული, მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
„მე კულისებიდან გამოვდიოდი. ლედი გაგა 40 წუთით ადრე მოვიდა, ჩვენ მოულოდნელად შევეჩეხეთ ერთმანეთს, გადავეხვიეთ და გადავკოცნეთ ერთმანეთი, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. შეხვედრა თბილი და მოულოდნელი იყო“, — იხსენებს ჩხეიძე.
საქართველოს შესახებ ლედი გაგამ სწორედ მისგან გაიგო. მომღერალმა ჩხეიძე საკუთარ პენტ-ჰაუზში საღამოზე მიიწვია და მშობლები, და, მეგობრები გააცნო, სწორედ იქ დაუმეგობრდა ჩხეიძე გაგას საქმროს ტეილორ კინის.
„თავიდან მან იფიქრა, რომ მე ჯორჯიის შტატიდან ვიყავი, საქართველოზე არაფერი იცოდა. როდესაც ჩემ ქვეყანაზე მოვუყევი, მან მკითხა: „ეს ის ქვეყანაა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია?“, რაზეც ვუპასუხე, რომ საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა“, — აღნიშნა ჩხეიძემ.
მოდის ინდუსტრიაში 40 წლის ჩხეიძე უკვე 20 წელია მუშაობს. ამ ეტაპზე ის World Fashion Parade-ზე მუშაობს, რომელიც ნიუ-იორკში სექტემბერში გაიმართება და რომელიც ყველაზე მასშტაბური მოვლენაა მოდის სამყაროში.
„მე თავად გაკვირვებული ვარ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთ წარმატებას მივაღწევდი“, — განაცხადა ჩხეიძემ.
სანამ თავის „ამერიკულ ოცნებას“ აისრულებდა, ჩხეიძემ დაახლოებით 20 წელი იცხოვრა ბელგიაში, თურქეთში, ეგვიპტეში, ესპანეთსა და იტალიაში და საბოლოო ნავსაყუდელი სწორედ ნიუ-იორკში იპოვა.
დღეს ჩხეიძე Calvin Klein-ისა დაBrandon Maxwell-ის გარდა, მოდელ ჯასტინ ჯეკლიკთან თანამშრომლობს, მეგობრობს ოსკაროსან მსახიობ კიუბა გუდინგთან და სხვა მსოფლიო ვარსკვლავებთან.
„შეერთებული შტატები – დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა, აქ შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ყველაფერი მაინც ბედზე, ფორტუნაზეა დამოკიდებული. მე საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი. მოდის ერთ-ერთ ჩვენებაზე მოვხვდი, გავიცანი საჭირო ადამიანები, Couture Fachion Week-ის დამფუძნებელი ანდეს აკინო, რომელსაც ძალზე მოეწონა ჩემი რეზიუმე და ასე დავიწყეთ ჩვენ თანამშრომლობა“, — აღნიშნა ჩხეიძემ.
სანამ ემიგრანტად იყო, დიმიტრი ჩხეიძეს ამერიკაში მუშაობის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ანდრეს აკინომ მას შანსი მოდის სფეროში მისცა — თავიდან ჩხეიძე ჩვენებებზე დიზაინერებს ეპატიჟებოდა.
„პირველ წელს რამდენიმე თვე რთული იყო ჩემთვის და საკმაოდ შრომატევადი და უფულობის პერიოდი მქონდა. მე მილიონერის შვილი არ ვარ და არ შემეძლო აქ ჩამოსვლა და უბრალოდ ფეხი-ფეხზე გადადებულს ჯდომა. რთული იყო ყველაფერი, მაგრამ ღმერთს მადლობა, ახლა ყველაფერი კარგადაა“, — აცხადებს ჩხეიძე.
როგორც ჩხეიძემ Sputnik-თან აღნიშნა, მას ამ ეტაპზე საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს და ქართველი მოდელების, დიზაინერებისა და უბრალოდ ნიჭიერი ადამიანების დასახმარებლად მზადაა.