ლეგენდარულმა დიზაინერმა და მოდის სახლ Herve Leger-ის დამფუძნებელმა, რომელიც Merсedes Benz-ის მოდის კვირეულის საპატიო სტუმრის რანგში თბილისს პირველად ეწვია, Sputnik-ს უამბო, თუ რას ნიშნავს მისთვის ექსკლუზიური ტანსაცმელი.
„თითოეული კაბა ქალებისადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარულის ხორცშესხმაა. არასდროს მივდევ ე.წ. სტილის ოცნებას. ჩემი ნამუშევარი — ესაა კოლექციების უსასრულო ნაკადი. და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თითოეული კაბა ახლის შექმნას შთამაგონებს“, — აღნიშნა ერვე ლერუმ.
ფრანგმა დიზაინერმა თბილისში არა კაბები, არამედ შთამბეჭდავი ფოტოები ჩამოიტანა, რომლებზეც მისი საუკეთესო სამოსია აღბეჭდილი.
ცნობილი მოდელიერის გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა, რითიც გაიხსნა თბილისში Merсedes Benz Fashion Week-ი.
გამოფენაზე ერვე ლერუ თავისი მუზის — 22 წლის კიშინიოველი მოდელის ალექსანდრინა ცურკანის თანხლებით გამოჩნდა.
ცურკანი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოლდაველი მოდელია. მისი პორტფოლიო მოიცავს ილუსტრაციებს ჟურნალებისთვის Elle, L'Officiel, Harper’s Bazaar და Vogue.
Sputnik-თან საუბრისას დიზაინერმა აღიარა, რომ ბოლო დროს უფრო ნაკლები რაოდენობის კაბებს ქმნის, ვიდრე ადრე, თუმცა თითოეულ კაბაზე კვლავ დიდხანს და გულმოდგინედ მუშაობს.
„მე არ მჭირდება სამყაროს ათასობით ახალი ნიმუში ვუჩვენო… უბრალოდ, ვცდილობ ლამაზი ტანსაცმელი შევქმნა“, — განაცხადა ლერუმ.
ცნობილმა დიზაინერმა Sputnik-ს ასევე გაუზიარა, რომ თავისი ექსკლუზიური კოსტიუმების შექმნისას (რომლის ფოტოებიც თბილისში ჩამოიტანა), მან გამოიყენა ფრანგული მაქმანი, აბრეშუმი „ჟოზი“, ხავერდი, ასევე უნიკალური მასალები, რომლებიც თვითონ შექმნა.
ფრანგი დიზაინერის ნამდვილი სახელი და გვარია ერვე პენე. მარკეტინგული თვალსაზრისით უფრო მომგებიან გვარზე გადასვლა – ლეგერი – პარტნიორმა, ლეგენდარულმა კარლ ლაგერფილდმა შესთავაზა. მოგვიანებით მან გვარი კიდევ ერთხელ გამოიცვალა და ლერუ გახდა.
ერვე ლერუ მოდის არენაზე გასული საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა. ახალგაზრდა, პერსპექტიული ფრანგი მოდელიერის დიპლომით მოდის სამყაროს მაშინვე ორგანულად შეერწყა. სანამ კარლ ლაგერფილდის ასისტენტის თანამდებობას დაიკავებდა, ის დიდხანს მუშაობდა სხვადასხვა მოდის სახლში.
ლაგერფილდის დახმარებით ლერუმ თანამშრომლობა დაიწყო ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Lanvin, Chanel და Chloe, მაგრამ უკვე დიზაინერის რანგში.
1985 წელს ერვემ საკუთარი ბრენდი — მოდის სახლი Herve Leger დააარსა, ამავე წელს გახსნა თავისი პირველი ბუტიკი პარიზში.
1989 წელს მისი მოდის სახლი ცნობილი გახდა ე.წ. კაბა-ბანდაჟის გამოგონების წყალობით. ეს კაბები ფიგურის კორექტირებას ახდენს ელასტანისგან და ლიკრისგან დამზადებული სპეციალური ლენტებით.
მსგავსი კაბის შექმნის იდეა შემთხვევით გაჩნდა: ერვე ლერუ დიდი ხნის განმავლობაში მომავალ კოლექციაზე ფიქრობდა, ერთხელაც მანეკენზე ტანსაცმლის მოსართავი ლენტის უბრალოდ შემოხვევა დაიწყო.
ასე გაჩნდა ამ კაბის იდეა. შემდეგ კაბა-ბანდაჟი Hervе Lеger-ის სავიზიტო ბარათი გახდა.
შემდეგ მისი მოდის სახლის გამოსარჩევი მახასიათებლები გახდა ასიმეტრია, ფუტურისტული სტილის ნიშნები და ქსოვილზე შუქჩრდილების თამაში.
საერთაშორისო Mercedes-Benz Fashion Week-ის (MBFW) მესამე სეზონმა, რომელიც თბილისში 5-9 მაისს გაიმართა, დედაქალაქში შეკრიბა ყველაზე ცნობილი ბაიერები, მოდის კრიტიკოსები, fashion-ფოტოგრაფები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.