თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ქართველმა რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა დაასრულა მუშაობა ფსიქოლოგიურ დრამაზე „ხიბულა“, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებზე მოგვითხრობს.
„ხიბულა“ ოვაშვილის კინოტრილოგიას ასრულებს, რომლის პირველი ფილმია 2009 წელს გადაღებული „გაღმა ნაპირი“, ხოლო მეორე — „სიმინდის კუნძული“ (2014 წ.).
„ხიბულა“ გამსახურდიას ცხოვრების ბოლო 50 დღეს ეძღვნება. საქართველოს პრეზიდენტი 1993 წლის დეკემბრის ბოლოს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.
მიუხედავად იმისა, რომ სურათის პროტოტიპი ყველასთვის ნათელია, ფილმში მისი სახელი ერთხელაც არ ისმის — მთავარ გმირს ყველა პერსონაჟი „ბატონ პრეზიდენტს“ უწოდებს.
„ეს იქნება ისტორია, ზოგადად, ადამიანის მარტოობაზე, უფრო კონკრეტულად კი ეს არის ფილმი ძალაუფლებასა და ძალაუფლების დაკარგვაზე, სამყაროს შეცვლაზე, მათ შორის ჩვენში. იმის შესახებ, თუ, მაგალითად, როგორ ხდება ილუზორული სამყაროდან რეალურ სამყაროში გადასვლა, რომელსაც, ჩემი აზრით, ძალაუფლების იდეა მოაქვს. ასევე იმაზე, თუ რა ხდება ადამიანში, როცა ის ამ ძალაუფლებას კარგავს“, — განაცხადა გიორგი ოვაშვილმა.
კინორეჟისორის თქმით, ფილმში ასახულია გამსახურდიას ცხოვრების ბოლო პერიოდი, რომელიც მან დასავლეთ საქართველოს გაუვალ ტყეებსა და მაღალმთიან სოფლებში გაატარა.
ოვაშვილის თქმით, მისი გმირი სურათში ექსტრემალურ, აბსურდულ და გამოუვალ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. მაყურებელს შეუძლია ნახოს, რა ხდება ლიდერის გონებაში, როდესაც მისი ფასეულობები ინგრევა და ის ხვდება, რომ მარტოა დარჩენილი.
„ბატონი პრეზიდენტის“ როლის შემსრულებელს გიორგი ოვაშვილი როგორც ქართველ, ისე უცხოელ მსახიობებს შორის დიდხანს ეძებდა, საბოლოოდ კი ირანულ კინემატოგრაფიაში იპოვა — მთავარი როლი ფილმში ირანელმა მსახიობმა ჰოსეინ მახჯუბმა შეასრულა, რომელიც ფილმში „სამოთხის ფერი“ (რეჟისორი მაჯიდ მაჯიდი, 1999) შესრულებული როლით არის ცნობილი.
„რა თქმა უნდა, აქამდეც ვიცოდი, ვინ არის ზვიად გამსახურდია, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი როლი შემომთავაზეს, მასზე ბევრი რამ წავიკითხე, ვნახე ბევრი ჩანაწერი და დოკუმენტური კადრი. გიორგი ოვაშვილმა ძალზე მნიშვნელოვანი როლი მანდო. გამსახურდია არა მარტო საქართველოს პრეზიდენტი, არამედ განდისა და სხვა დიდი მოღვაწის დონის მოაზროვნე იყო. სამწუხაროდ, ის თავისი დიდი იდეების განხორციელებას არ დაელოდა“, — განუცხადა მახჯუბმა ჟურნალისტებს.
ოვაშვილის თქმით, ფილმში გამოყენებულია საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის (რომელიც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეს იძიებდა) მიერ წარმოდგენილი მასალები. თუმცა, როგორც „ხიბულას“ ავტორი ამბობს, მას არა აქვს იმის ამბიცია, რომ ფილმში უპასუხოს კითხვას — როგორ გარდაიცვალა საქართველოს პრეზიდენტი.
„ხიბულას“ გადაღებები ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისსა და დასავლეთ საქართველოში. ფილმის სცენარის ავტორი ოვაშვილთან ერთად ჰოლანდიელი დრამატურგი როლაფ იან მინებოოა.
ფილმი სამი ქვეყნის — საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი ნაწარმოებია, ოპერატორია ენრიკე ლუჩიდი. მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მსახიობები.
„ხიბულას“ მსოფლიო პრემიერა 2017 წელს გაიმართება. როგორც ფილმის ავტორი აღნიშნავს, ეს, დიდი ალბათობით, კანის ან ბერლინის ფესტივალზე მოხდება.