თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ქართული ღვინოებიდან უცხოეთში ყველაზე დიდი პოპულარობით „ქინძმარაული“ სარგებლობს.
ამ წითელი ნახევრადტკბილი ღვინის ექსპორტმა 2016 წლის პირველ ნახევარში 2,6 მლნ ბოთლზე მეტი შეადგინა.
„პოპულარობით შემდეგ ადგილზეა წითელი მშრალი ღვინო „მუკუზანი“ — საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული იყო 1 მლნ ბოთლზე მეტი. მესამე ადგილზეა თეთრი ნახევრადმშრალი „წინანდალი“ – 830,1 ათას ბოთლზე მეტი, — აღნიშნულია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
მეოთხე და მეხუთე ადგილებზე წითელი ღვინოები — „ახაშენი“ (დაახლოებით 427 ათასი ბოთლი) და „ხვანჭკარა“ (132 ათასზე მეტი ბოთლი).
სულ საქართველომ 2016 წლის დასაწყისიდან ექსპორტზე 19,8 მლნ ბოთლზე მეტი (0,75 ლიტრი ტევადობის) გაიტანა, რაც გასული წლის მონაცემზე 44%-ით მეტია.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველომ 46,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო მსოფლიოს 40 ქვეყანაში გაგზავნა, რაც 2015 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია.
ქართული ღვინის იმპორტიორთა შორის რუსეთი ლიდერობს, სადაც საქართველომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 10,2 მლნ ბოთლი გაგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 56%-ით ჭარბობს.
რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურმა სამსახურმა მიმდინარე წლის მარტში ადგილწარმოშობის ექვსი დასახელების ღვინის რეგისტრაციის პროცედურა დაასრულა. საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს რუსეთის ტერიტორიაზე მინიჭებული აქვს განსაკუთრებული უფლება ღვინის დასახელებებზე: “ხვანჭკარა“, „ტვიში“, „ახაშენი“, „წინანდალი“, „მუკუზანი“ და „ქინძმარაული“.