თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე თბილისის დეკლარაცია მიიღეს, რომელსაც რუსეთის დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა.
თბილისის დეკლარაცია „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“ მოიცავს სესიის დროს მიღებულ 19 რეზოლუციას, მათ შორის საქართველოსა და ყირიმის შესახებ. გარდა ამისა, დოკუმენტი შეიცავს ეუთოს მინისტრთა საბჭოსთვის განკუთვნილ რეკომენდაციებს.
„კარგ რეზოლუციებში ფიქრობენ ხალხზე, რომლებიც ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ცუდ რეზოლუციებში კი ფიქრობენ ტერიტორიებზე, რომლებზეც ადამიანები ცხოვრობენ“, — განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ილია კოსტუნოვმა Sputnik-თან საბრისას.
ყირიმთან დაკავშირებულ რეზოლუციას მან “თავაშვებული განცხადებების“ ნაკრები უწოდა.
„განცხადებები არაფერს ეფუძნებოდა… ძალიან მნიშვნელოვანი შესწორებაა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების მოღვაწეობისთვის ხელის შეშლა. რუსეთის დელეგაციამ ასევე მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას საქართველოს შესახებ“, — აღნიშნა კოსტუნოვმა.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ დეკლარაციაში კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრის მცდელობები ჩანს.
„მასში (დეკლარაციაში — რედ.) კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრის მცდელობების ნიშნებია, რუსეთის ფედერაცია კი ძალისმიერი მეთოდებით კონფლიქტის გადაჭრის საკითხს არ ემხრობა… როდესაც ვიღაც ძალისმიერი ბალანსის შეცვლის თაობაზე კითხვას წინ წამოწევს, ეს ნიშნავს, რომ ის საკითხის ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრას გეგმავს ან ელოდება ძალისმიერ გადაჭრას, მაგრამ მე გულწრფელად მგონია, რომ აქ არავის აქვს იმის იმედი, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს თავს დაესხმება“, — განაცხადა კოსტუნოვმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისის დეკლარაციაში ასევე გამოხატულია უარყოფითი დამოკიდებულება და შეშფოთება რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების გაუარესების თაობაზე. ამასთან, დოკუმენტი რუსეთს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და ყირიმის მიერთების გადაწყვეტილება.
ამას გარდა, დეკლარაცია რუსულ მხარეს დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანას მოუწოდებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბალტიის ზღვაში რუსეთის მანევრები და გამორთული ტრანსპონდერებით თვითმფრინავების გამოუცხადებელმა ფრენებმა შეიძლება სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს.
თბილისის რეზოლუციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 122-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი 6-ის წინააღმდეგ, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.