გაძარცული მოსახლეობა და გაზულუქებული მევახშეები...

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიფულის კუპიურები
ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაძვირებული ცხოვრება, ჩაძირული ლარი და საბანკო სესხის წნეხი... ეროვნული ბანკის მონაცემები, ვადაგადაცილებული კრედიტების გაზრდილი მოცულობით მოსალოდნელი შოკი...

რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც სრულიად შემთხვევით ერთ-ერთი კომერციული ბანკის ფილიალში გამსესხებლისა და მსესხებლის ემოციურ საუბარს შევესწარი… აღელვებული ასაკოვანი მოქალაქე საბანკო ვალდებულების გასტუმრების გადავადებას ითხოვდა. ახალგაზრდა საკრედიტო ოფიცერი ოლიმპიური სიმშვიდით განმარტავდა, რომ ახლა უკვე დაგვიანებული იყო და საკითხი განსახილველად ე.წ. პრობლემური კრედიტების დეპარტამენტს გადაეცა. ციტირება საჭირო არ არის, მძიმე მოსასმენი იყო. დარწმუნებული ვარ, მკითხველთა დიდი უმრავლესობისთვის კარგად ნაცნობი სურათია. მტყუან-მართლის გარჩევას არ ვაპირებ, ფაქტია, ნასესხებს გასტუმრება უნდა, თუმცა მე მათიც მესმის, ვინც ეკონომიკური უძრაობის, უმუშევრობის, გაუფასურებული ლარის, გაძვირებული ცხოვრების გამო ვეღარ აუდის საბანკო თუ სხვა წარმოშობის კრედიტის გასტუმრებას. ერთი სიტყვით, გადავწყვიტე მორიგი სტატია სწორედ ვადაგადაცილებული და უიმედო კრედიტების პრობლემას და მისი მოგვარების პერსპექტივაზე საუბარს დავუთმო.

ნაფიქრალის არგუმენტებით გასამყარებლად უპირველეს ყოვლისა სტატისტიკური მონაცემებით დავინტერესდი. არ მინდა მკითხველი ციფრებით დავღალო, მაგრამ ქვეყნის მთავარი ბანკის მიერ გასაჯაროებულ რამდენიმე მაჩვენებელს გვერდს ვერ ავუვლი. ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებს აქვეყნებს და საკმაოდ მძიმე სურათი იკვეთება: ბოლო პერიოდში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 63 მილიონი ლარით, ანუ 21,5 პროცენტით გაიზარდა. ადრე ვადაგადაცილებულ სესხებში ლარში გაცემული კრედიტების წილი უმნიშვნელო იყო, დღეს ის უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს ერთიორად აღემატება.

© ს. მელაძევადაგადაცილებული სესხები
ვადაგადაცილებული სესხები - Sputnik საქართველო
ვადაგადაცილებული სესხები

მიაქციეთ ყურადღება, ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ მიერ მოცემულ დიაგრამაზე კარგად ჩანს ლარსა და უცხოურ ვალუტაში აღებული ვადაგადაცილებული კრედიტების ხვედრითი წილი ვადაგადაცილებული სესხების საერთო მოცულობაში. მკითხველი დამეთანხმება, რომ გასული ორი წლის მანძილზე ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ყველაზე მეტად სწორედ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების მომსახურება გააძვირა და გაართულა. ეს ლოგიკურია – იმ მომხმარებელს, რომელმაც სესხი ბანკიდან უცხოურ ვალუტაში ჯერ კიდევ ლარის გაუფასურებამდე აიღო, უკვე ახალ რეალობაში 35 პროცენტით მეტი თანხის დაბრუნება უწევს და, ბუნებრივია, საბანკო ვალდებულების გასტუმრება უჭირს. წინა წლებისგან განსხვავებით ეს პრობლემა უკვე ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზეც აისახა. ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა და მასში ლარში გაცემული პრობლემური სესხების ხვედრითი წილი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ე.წ. რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის შემცირების თაობაზე. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ამ ნაბიჯით მოქალაქეებს შეუმცირდათ ყოველთვიური სასესხო გადასახადი…

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის მსესხებელთა გარკვეულ ნაწილს საბანკო ვალდებულებების გასტუმრება უჭირს და მათი ნაწილიც უკვე ე.წ. სოციალური დეფოლტის ზღვარს უახლოვდება. ახლა, თუ ქვეყნის ეკონომიკაში და სავალუტო ბაზარზე მდგომარეობა არ დასტაბილურდა, მოქალაქეებს სესხების მომსახურება მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდებათ.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე დაწია

სპეციალისტებისთვის აშკარა იყო, რომ შარშან, ლარის დევალვაციის გამო, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა გაიზრდებოდა. მათ, ვისაც კრედიტი დოლარში აქვთ, დევალვაციის შედეგად სესხის მომსახურება მნიშვნელოვნად გაუძვირდათ.

ამჟამად კი ვადაგადაცილებულ სესხებში ლარში გაცემულ კრედიტებზე დავალიანების ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ მოქალაქეები სესხულობენ იმაზე მეტს, რისი გადახდაც შეუძლიათ. მკითხველთა დიდი ნაწილისთვის ეს სურათი ნაცნობია. გამოუვალ სიტუაციაში, როცა სხვა ალტერნატივა არ არის, კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეები საკრედიტო რესურსს მიმართავენ.

ზუსტი მონაცემები არ მომეპოვება, თუმცა ძალზე სარწმუნოა ექსპერტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ე.წ. სამომხმარებლო კრედიტების დიდი ნაწილი ყოფითი საკითხების მოგვარებას ხმარდება. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო ათი წელია, ქვეყანაში საკრედიტო რესურსი ადვილად ხელმისაწვდომია. არავინ იფიქროს, რომ ფიზიკური თუ იურიდიული პირების დაკრედიტების წინააღმდეგი ვარ, არა, უბრალოდ, არც თუ იშვიათად საბანკო სექტორიდან კრედიტი გაიცემა მსესხებელზე, რომელიც მაღალი ალბათობით ვერ შეძლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ეს პრობლემა დასარეგულირებელია, მკაფიოდ უნდა გაიწეროს, კომერციულმა ბანკმა ვის უნდა მისცეს სესხი, როდის და რა გარანტიით. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ მსესხებელს ზედმიწევნით ზუსტად განემარტოს ის, თუ რამდენპროცენტიან სესხს იღებს. 

დოლარი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს სესხები უიაფდებათ!...

მაინც რაზე მეტყველებს და რას მიანიშნებს ქვეყანაში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობის ზრდა?

ეკონომისტი და სოციოლოგი ნოდარ კაპანაძე: „ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის სტაბილური და ვერ ვითარდება. გასულ წელს ვადაგადაცილებული სესხების ძირითადი მიზეზი სავალუტო კურსი იყო… ახლა მიზეზი ისაა, რომ ბანკები ეწევიან მძარცველურ პოლიტიკას, თანაც ხალხი ვერ აცნობიერებს, ვერ გეგმავს მომავალს. მათ აქვთ დიდი იმედი, მოლოდინი, მაგრამ რეალობა სულ სხვაა და ამას არ შეესაბამება. თუ ეკონომისტი არ ხარ და არ ერკვევი საფინანსო ორგანიზაციის სასესხო პოლიტიკაში, რეალურ პროცენტს ვერ გამოითვლი. როგორც წესი, ის უფრო მაღალია, ვიდრე თავიდან ამბობენ ბანკში. ვადაგადაცილებული სესხები დაკავშირებულია სისტემურ პრობლემასთან. ჩვენთან, სადაც თამაშის წესები არ არის მკაფიოდ და ცალსახად განსაზღვრული, არ არის დასახული კონკრეტული მიზნები, ამოცანები და განვითარების სტრატეგია, ყოველთვის იქნება ასეთი რთული სიტუაცია…“

ლარი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ონლაინ-სესხების ბაზარს დაარეგულირებს

გაცილებით მძიმე ვითარებაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, სადაც საკრედიტო მომსახურებით, ძირითადად, კომერციული ბანკებიდან უარით გასტუმრებული მოქალაქეები სარგებლობენ. ძალიან დიდი საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად მოთხოვნა მაინც არის. ეს არის ეროვნული მასშტაბის პრობლემა, რომელზეც საუბარს ეს სტატია ვერ დაიტევს.   

სავალუტო კრიზისი, რომელიც დღემდე გრძელდება, ეკონომიკაზე და მოსახლეობის ცხოვრების დონეზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს.

ეკონომისტი ზვიად კანდელაკი: „ეროვნული ვალუტის მოულოდნელი რყევები ქმნის არასტაბილურ გარემოს და ხალხმა არ იცის, რა გააკეთოს. ყველას შიში აქვს, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცემა, ამიტომ მნიშვნელოვნად ამცირებენ მოხმარებას. ეს კი ჩვენი ეკონომიკისთვის საკმაოდ სერიოზული დარტყმაა. გაუარესდა ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან არასტაბილური ვალუტის პირობებში მათ გაეზარდათ ხარჯი, შემოსავალი კი უცვლელი დარჩა. მომატებული ხარჯის გამო მათ სასესხო ვალდებულების გასტუმრება ძალიან უჭირთ…"

ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა არა მარტო ქვეყნის ეკონომიკასა და რიგით მოქალაქეებზე, არამედ საბანკო სექტორზეც უარყოფით გავლენას მოახდენს. 

და, ბოლოს, როცა ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ იქმნება, ეკონომიკის რეალური სექტორი არ ვითარდება, ეროვნული ვალუტა დახტის და ეკონომიკა არ იზრდება, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობის უფრო გაზრდის და ქვეყანაში სოციალური ფონის გაუარესების საფრთხე რეალურად არსებობს. ამიტომ სახელმწიფომ გარკვეული ღონისძიებები უნდა გაატაროს, მაგალითად, შეიმუშაოს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების სტრატეგია. ნაბიჯები სასწრაფოდ უნდა გადაიდგას, რათა არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს…

ზურაბ გვასალია: „სამომხმარებლო სესხების უმეტესი ნაწილი ლარში გაიცა“

ერთია, რა უნდა იყოს და მეორეა – რა იქნება… მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ბატალიების გათვალისწინებით ძნელად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ამ კონკრეტული პრობლემისთვის მოიცალოს. იქნება დაპირებები სამომავლოდ, ისე, როგორც ეს ადრეც ყოფილა. ძნელი არც იმის განჭვრეტაა, რომ მავანნი უკვე სახელისუფლებო კაბინეტებიდან მოკრძალებულად ბრძანებენ, რომ დაპირება გადაჭარბებული იყო… ასე რომ, ჩვენივე პრობლემებს ჩვენვე მივხედოთ… 

ყველა ახალი ამბავი
0