თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. რუსული დელეგაციის წარმომადგენლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის რეზოლუციას ყირიმთან დაკავშირებით ანგაჟირებულს უწოდებენ, განაცხადა რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა.
თბილისში 1-5 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია მიმდინარეობს. მაში 57 ქვეყნის 700-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.
კოვალიოვის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმა კომიტეტმა განიხილა უკრაინის მიერ შეტანილი რეზოლუციის პროექტი – „ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევის შესახებ ყირიმში, ყირიმელი მოსახლეობის უფლებების დარღვევის შესახებ“.
„ჩვენ გამოვედით, განვაცხადეთ, რომ დოკუმენტი აბსოლუტურად არაობიექტური, ტენდენციურია, აშკარად გამოხატული ანტირუსული ხასიათისაა, რის გამოც ცნობად მიღებული არ უნდა იყოს“, — განუცხადა კოვალიოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, დოკუმენტის სრული ანგაჟირებულობისა და არაობიექტურობის გამო რუსეთის დელეგაციამ შესწორებების განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„იქ საუბარი, ძირითადად, „წამებაზე“ იყო, მაგრამ არც ერთი ფაქტი მოტანილი არ ყოფილა. ანუ, ეს რაღაც პროპაგანდული ლოზუნგებია: „სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები“, „ვითარება უარესდება“, „სასწრაფოდ ზომებია მისაღები“ და „რუსეთი უნდა დაისაჯოს“. ასეთ „დადგმას“ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით“, — აღნიშნა მან.
კოვალიოვის ინფორმაციით, რუსეთის პოზიციას მხარი საფრანგეთის დელეგაციამ დაუჭირა და განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ყირიმში ევროპის საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„სხვათა შორის, რეზოლუციაში (პროექტში) მითითებული იყო, რომ ყირიმში დამკვირვებლები არ დაიშვებიან… იქ კი მსგავსი არაფერი ხდება. ფრანგების გამოსვლა კი ერთი-ერთში იყო: სანამ ამ რეზოლუციას მიიღებთ, ადგილზე ჩასვლა, ნახვა, დასკვნების გამოტანაა საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ მისი მიღება“, — განაცხადა მან.
„საკითხის ასეთ დასმას ჩვენ დავეთანხმეთ. მაგრამ, მთლიანობაში, კომიტეტის ანტირუსული განწყობის გათვალისწინებით, რეზოლუცია პლენარულ სხდომაზე განსახილველად მიიღეს“, — დასძინა კოვალიოვმა.
კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა ყირიმში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა ვიზიტი, კოვალიოვმა განაცხადა, რომ ასეთი შეთანხმებები ჯერჯერობით არ ყოფილა.
„კულუარებში ძალიან ბევრი მოდის და ამბობს, რომ ყირიმში ჩასვლა უნდა, მაგრამ ისე, რომ ამის თაობაზე ვერავინ გაიგოს. ჩვენ ვეუბნებით: ასეთ რამეს არ ვაკეთებთ. არის კანონები, საზღვრები. ბუნებრივია, ეს კანონები უნდა დავიცვათ. ამიტომ, კი, ბატონო, გვეწვიეთ“, — აღნიშნა კოვალიოვმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა პარლამენტთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 57 სახელმწიფოს აერთიანებს.