თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.
გიგი წერეთელი ზედიზედ ორჯერ იყო არჩეული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე და იგი ამ პოზიციას აქტიურად იყენებდა პარტიული მიზნებისთვის, "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ არ უჭერს მხარს პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას და არ აპირებს კენჭისყრაში მის სასარგებლოდ ხმის მიცემას, ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთ მთავარ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს, ხოლო გიგი წერეთელი ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მხარეა. შესაძლოა გაჩნდეს განცდა, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მას ექნება შესაძლებლობა, რაიმე ფორმით გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგების შეფასებაზე“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში პირველად 1-5 ივლისს იმართება, სადაც აირჩევენ ახალ პრეზიდენტს. 57 ქვეყნიდან 500-ზე მეტი დელეგატი გლობალური მიგრაციის, ეკონომიკური თანამშრომლობის, უსაფრთხოების საკითხებსა და ადამიანთა უფლებების სფეროში გამოწვევებს განიხილავს.
გიგი წერეთელი, რომელიც ასევე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია, პრეზიდენტის პოსტზე თებერვილის ბოლოს „ევროპის სახალხო პარტიამ“ წამოაყენა. წერეთლის კანდიდატურას მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოხატა.