თბილისი, 1 ივლისი– Sputnik. თბილისში ეუთოს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეის სესია „საპარლამენტო თანამშრომლობის 25 წელი: ნდობის გამტკიცება დიალოგის საშუალებით“, რომელიც 1-5 ივლისის პერიოდში ტარდება, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველად იმართება მიუხედავად იმისა, რომ 24 წელია რაც საქართველო ეუთოს წევრია.
„დღეს მნიშვნელოვან ღონისძიებაზე შევიკრიბეთ, რომელზეც ძირითად თემად ხალხებს, ერებს, სახელმწიფოებსა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის თემა გამოვიტანეთ მთავარ საკითხად. და ეს არის ერთადერთი სწორი გზა ნდობის აღდგენისა და პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ასამბლეის გახსნაზე.
საქართველოს პირველმა კანონმდებელმა იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს საგაზაფხულო სესიის ძირითადი ლაიტმოტივი დიალოგი და კომპრომისების მოძიება იქნება.
„დიახ, ჩვენ გვჭირდება მეტი დიალოგი და ცოტა მონოლოგი, უფრო მეტად მოსმენა და არა იგნორირება, უფრო მეტი არგუმენტი და ცოტა ტანკები, უფრო მეტი კომპრომისი და ცოტა კატეგორიულობა, უფრო მეტი მეგობრობა და ცოტა მტრობა“, —აღნიშნა მან.
ღონისძიებაში 57 ქვეყნის 700-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. პირველი პლენარული სხდომა ეუთოს თავმჯდომარემ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გახსნა.
საქართველოსთვის ეს სესია ძალზე მნიშვნელოვანია — ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიგი წერეთელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“).
ეუთოს პრეზიდენტის არჩევნები 5 ივლისს გაიმართება.