თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა ვედენის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილ აბუფეტ მუხადინოვი ირწმუნება, რომ აჰმედ ჩატაევი, რომელიც სტამბულის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად მოიაზრება, საქართველოში ცხოვრობდა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და 2015 წელს სირიაში წავიდა.
ჩატაევი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის სიახლოვეს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ცეცხლსასაროლი იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურამ მას ყველა ბრალდება მოუხსნა და თბილისის საქალაქო სასამართლომ ის გაამართლა.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის (ჩატაევი) არაერთხელ დააკავეს ევროპაში, ავსტრიაში, უკრაინაში. უკრაინიდან გადასცეს საქართველოს, სადაც ცხოვრობდა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. 2015 წელს სირიაში აღმოჩნდა“, – განუცხადა მუხადინოვმა ჟურნალისტებს.
სტამბულის ათათურქის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალში ტერაქტი 28 ივნისს საღამოს მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტებმა მგზავრებს ცეცხლი ავტომატებიდან გაუხსნეს, რის შემდეგაც ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედეს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 19 უხოელი, 239 დაჭრილია. თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მოპოვებული სამხილები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსთან“ კავშირზე მიუთითებს.
მანამდე თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სტამბულის აეროპორტში ტერაქტი რვა ტერორისტმა განახორციელა, ორგანიზატორი კი ჩეჩნეთის მკვიდრი აჰმედ ჩატაევია.