თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჰმეტ ჩატაევის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ვინც არ უნდა იყოს ტერორისტი, უნდა დაისაჯოს, იუწყება პრემიერის პრეს–სამსახური.
თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სტამბულის აეროპორტში ტერაქტი რვა ტერორისტმა განახორციელა, ორგანიზატორი კი ჩეჩნეთის მკვიდრი აჰმედ ჩატაევია. ჩატაევი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის სიახლოვეს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ცეცხლსასაროლი იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურამ მას ყველა ბრალდება მოუხსნა და თბილისის საქალაქო სასამართლომ ის გაამართლა.
მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თურქული მხარის ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით არ მოუსმენია.
"მე არ მომისმენია თურქეთის ოფიციალური მხარის მხრიდან ასეთი განცხადება, ეს იყო გამოთქმული ვარაუდები, სხვათა შორის, ქართველი პოლიტიკოსების მიერ. მინდა ვთქვა, რომ გამოძიება დასრულებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა დასრულდეს ის, ვინც არ უნდა იყოს ტერორისტი, უნდა დაისაჯოს, ამიტომ აქ წინასწარი ბრალდებები და სპეკულაციები არის მიუღებელი", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სტამბულის ათათურქის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალში ტერაქტი სამშაბათს საღამოს მოხდა. ტერორისტებმა-თვითმკვლელებმა მგზავრებს ცეცხლი ავტომატებიდან გაუხსნეს, რის შემდეგაც ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოქმედეს.
ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 40 ადამიანზე მეტი დაიღუპა, მათ შორის 13 უხოელი, 239 დაჭრილია. თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მოპოვებული სამხილები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსთან“ კავშირზე მიუთითებს.