თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ქართველი და რუსი ხალხი ერთმანეთს იზიდავს, ამიტომ პრობლემები ქვეყნებს შორის ნელ-ნელა მოგვარდება, უთხრა Sputnik-ს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ნიკოლაი კოვალიოვმა.
დეპუტატი თბილისში რუსეთის დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაში, რომელიც 1-დან 5 ივლისამდე გასტანს.
„იცით რა, მე გეტყვით უბრალო რუსი ხალხის ხასიათიდან გამომდინარე. ისინი მხარს უჭერენ საქართველოსთან თანამშრომლობას და ელიან ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოძრაოთ, ან როგორც ამერიკელები ამბობენ step by step. უნდა მოგვარდეს სავაჭრო ურთიერთობები, ტურიზმი, რაც უფრო მეტი იქნება ურთიერთგაცვლა, მით უკეთესი“, — თქვა კოვალიოვმა.
ქართველები ყოველთვის იყვნენ სტუმართმოყვარეობის მაგალითი, თქვა მან.
„გულწრფელად გეტყვით — ძალიან გამახარა იმან, რომ თვითმფრინავი, რომლითაც მოვფრინავდით გაჭედილი იყო ხალხით, რომლებიც მოსკოვიდან თბილისში მოფრინავდნენ და ისინი ძალიან კარგ ხასიათზე იყვნენ. ქართველები ხომ ყოველთვის სტუმართმოყვარეობის აბსოლუტურ მაგალითს იძლეოდნენ, განსაკუთრებული ურთიერთობებისა და ატმოსფეროს შექმნის მაგალითს, რომელიც მხოლოდ მათ შეუძლიათ. ჩვენ განსაკუთრებული ლტოლვა გვაქვს ხალხებს შორის და ამიტომ ჩვენ თანდათან ყველა ამ პრობლემას დავძლევთ“, — აღნიშნა კოვალიოვმა.
იგი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირების საკითხში მთავარია — არ იჩქარო.
„მე მგონია, რომ სახალხო დიპლომატიის კვალად, ძვრა იქნება პოლიტიკურ ნაწილშიც. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რადგან ეხლა კონფრონტაციის პოლიტიკას საღი აზრის პოლიტიკა ანაცვლებს. მგონია რომ ის ჯობნის. მთავარია რომ არ ვიჩქაროთ, არ არის საჭირო ფორსირება და შესაძლოა რაღაც ხარისხით სახიფათოც იყოს ყველა იმედების რუსეთზე დამყარება. არ შეუძლია რუსეთს ყველა საკითხის გადაწყვეტა“, — თქვა კოვალიოვმა.
დეპუტატმა აღნიშნა მოლაპარაკებების წარმოების აუცილებლობა ოფიციალურ თბილისსა და უკონტროლო ტერიტორიების დეფაქტო ხელისუფლებას შორის.
„ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთის ხელისუფლებას შორის. მთავარია რომ თქვენ მოილაპარაკოთ, და გამონახოთ საერთო ენა და გამოსავალი ამ ჩიხიდან. სხვათა შორის ეს ყარაბახის კონფლიქტსაც ეხება“, — დაასკვნა კოვალიოვმა.