თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, შესაძლოა, სექტემბრის ბოლოს გააუქმოს, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შტაინმაიერი თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში 1-5 ივლისს იმართება. გერმანულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა ქართველ კოლეგებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით.
„გერმანია და ევროკავშირი მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია რეალობა გახდეს. ეს გარკვეულ ფორმალობებზეა დამოკიდებული… მიმდინარეობს კონსულტაციები, საკომიტეტო მოსმენები. სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს ეს პროცესი მთლიანად დასრულდება და სექტემბრის განმავლობაში, დიდი ალბათობით, საბოლოო შედეგამდე მივალთ“, — განაცხადა შტაინმაიერმა ჯანელიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს მთავრობამ, ქართველ ხალხთან ერთად, მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა და გადადგა ბევრი ნაბიჯი იმისთვის, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია დაიმსახუროს და ევროკავშირის ღირსეული პარტნიორი გახდეს, აღნიშნა ჯანელიძემ.
„დარწმუნებული ვართ, რომ დღეს საკითხი არ დგას — მიიღებს თუ არა საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. ეს კიდევ ერთხელ აღნიშნა ჩვენმა მეგობარმა, ბატონმა შტაინმაიერმა. აქ საუბარია ვადებზე და დარწმუნებული ვართ, ეს ვადები საქართველოსა და ქართველი ხალხის მოლოდინების შესატყვისი იქნება“, — აღნიშნა მან.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.
საქართველოს ხელისუფლება იმედს გამოთქვამდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ზაფხულისთვის გაუქმდებოდა, მაგრამ ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო.