თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას აბიტურიენტებს ტესტებზე მუშაობის საშუალება დამატებით კიდევ 15 წუთის განმავლობაში ექნებათ, რადგან წელს ახალი სისტემა დაინერგა: ახლა ისინი კითხვებს ელექტრონული და არა ბეჭდვითი სახით მიიღებენ.
განათლების სამინისტრომ გამოცდების ელექტრონულ ფორმატში ჩატარება იმისთვის გადაწყვიტა, რათა სატესტო ბუკლეტები საზღვარგარეთ აღარ დაბეჭდოს, რადგან ეს დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა, პასუხებს აბიტურიენტები კვლავ წერილობითი სახით გასცემენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ გამოცდის დროს გაზრდა ელექტრონული ფორმატის შემოღებას უკავშირდება და შეადგენს 4 საათსა და 15 წუთს. დამატებითი დრო იმისთვის არის საჭირო, რათა აბიტურიენტებმა გამოცდების ჩაბარების ახალი ტექნოლოგიის ათვისება მოასწრონ.
საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. მიმინოშვილის განცხადებით, დღევანდელ გამოცდაზე დაახლოებით 8 ათასი აბიტურიენტის რეგისტრაციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
„დღეს პირველი საგამოცდო დღეა. ყველა აბიტურიენტი გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებს. როგორც წესი, რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში რვა საათზე დაიწყო და ზუსტად ცხრაზე დასრულდა“, — აღნიშნა მიმინოშვილმა.
დღის 2 საათზე აბიტურიენტების მეორე ნაკადის რეგისტრაცია დაიწყება, 3 საათზე ისინი უკვე ტესტებზე მუშაობას დაიწყებენ, აღნიშნა მიმინოშვილმა.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. უმაღლეს სასწავლებლებში 44 ათასზე მეტი ადგილია.