თბილისი, 27 მაისი — Sputnik. 2 ათას 900 აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას იმის გამო ვერ მიიღებს, რომ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.
გამოსაშვებ გამოცდებს საქართველოში, რომლებიც 21-დან 24 მაისამდე მიმდინარეობდა, 40 ათასზე მეტი მოსწავლე აბარებდა. გამოცდები ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, ისტორიაში და მათემატიკაში.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მინიმალური ზღვარის გადალახვა მოსწავლეთა თითქმის 98%-მა შეძლო. დარეგისტრირებულ მოსწავლეთა 2% გამოცდაზე არ გამოცხადდა, იუწყებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
უცხო ენის გამოცდაზე დაახლოებით 43 ათასი მოსწავლე გამოცხადდა. ბარიერი მოსწავლეთა 85%-მა გადალახა. როგორც ცენტრში აღნიშნეს, ამისათვის მათ სწორად15 კითხვაზე უნდა ეპასუხათ.
ისტორიის გამოცდაზე დაახლოებით 42 ათასი მოსწავლე გამოცხადდა. მათგან 95%-მა მინიმალური ზღვარი წარმატებით გადალახა. რაც შეეხება მათემატიკის გამოცდას, რომლის ყველაზე მეტად ეშინოდათ მოსწავლეებს, ის 42 ათას 700 მოსწავლეზე მეტმა ჩააბარა, ბარიერი კი 86%-მა გადალახა.
უმაღლესში ჩასაბარებლად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისრაცია 41 ათას 500 აბიტურიენტმა გაიარა, მათგან დაახლოებით 2 ათას 900 აბიტურიენტი მისაღები გამოცდების ჩაბარებას უკვე ვერ შეძლებს.