თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დამატებით მიკროავტობუსებს გამოყოფს, რომლებიც თბილისის გარეუბნებში საგამოცდო ცენტრების მიმართულებით იმოძრავებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 1 ივლისს იწყება.
დამატებითი ტრანსპორტი საგამოცდო ცენტრებისკენ ივლის მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანისა და გლდანის მიმართულებით (№175, №177, №173, №39 სკოლების საგამოცდო ცენტრები) და მეტრო „ვარკეთილიდან №117 სკოლამდე, იუწყება საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრეს-სამსახური.
ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების დასახელება. მგზავრობის საფასური სტანდარტულია — 80 თეთრი.
საქართველოში წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 41,5 ათასმა აბიტურიენტმა გაიარა. უმაღლეს სასწავლებლებში 44 ათასზე მეტი ადგილია.