თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თბილისში პარასკევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიხსნება სახელწოდებით „საპარლამენტო თანამშრომლობის 25 წელი: ნდობის განმტკიცება დიალოგის გზით“.
მსგავსი მასშტაბის ღონისძიება თბილისში პირველად ტარდება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უკვე 24 წელია ეუთოს წევრია.
ღონისძიებაში 57 ქვეყნის 700-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. პირველ პლენარულ სხდომას ეუთოს თავმჯდომარე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის.
საქართველოსთვის ეს სესია ძალიან მნიშვნელოვანია. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელია წარდგენილი. წერეთელი ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის არჩევნები 5 ივლისს გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები აპირებენ მიიღონ თბილისის დეკლარაცია, რომელიც შედგება განცხადებებისგან ყველა სფეროში და რეკომენდაციებისგან ეუთოს წევრებისთვის.
თბილისის პლენარული სხდომების ყველაზე აქტუალური საკითხი საქართველოს შეეხება. საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განიხილება დოკუმენტის „კონფლიქტი საქართველოში“ რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მოამზადა.
ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იგეგმება მთელი რიგი რეზოლუციების მიღება მიგრაციის, ეუთოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის, უსაფრთხოების, ბუნებრივი რესურსების გამოყენების, უსაფრთხო ტექნოლოგიების, ლტოლვილების საკითხებზე.
სხდომაზე ასევე მიიღებენ რეზოლუციას მოლდოვასთან დაკავშირებით.