თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. რუსეთის დელეგაციას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში, რომელიც თბილისში 1-5 ივნისს გაიმართება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
იმის შესახებ, რომ ქართულმა მხარემ ერთგვარი გარანტია გასცა, რომ თბილისში რუსეთის დელეგაციას პრობლემები არ შეექმნება, განცხადება გააკეთა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ნიკოლაი კოვალიოვმა. რუსული მხარე მანამდე შიშობდა, რომ საქართველოში მოქმედი კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ დეპუტატებს, რომლებიც საქართველოს გვერდის ავლით იმყოფებოდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, პრობლემები შეექმნებოდათ.
„საქართველო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. ჩვენ ეუთო-სთან ამ თემაზე გვქონდა საუბარი, როგორც მიღებულია საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში და ეუთოს შევპირდით, რომ ასამბლეის მონაწილე დელეგატებს საქართველოში არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, ვიდრე ისინი ეუთო-ს ღონისძიებებში მონაწილეობენ. ეს ეხება რუსეთის დელეგაციასაც”, — განაცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებენ, თუმცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში არცერთ დელეგაციას ხელი არ შეეშლება, ხაზგასმით აღნიშნა მან.
„საერთაშორისო ვალდებულებები არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი შიდა კანონმდებლობა“, — დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მანამდე ამ მოვლენას უსუფაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის 25-წლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე მასშტაბური, ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საერთაშორისო ღონისძიება უწოდა.
ღონისძიება საქართველოში პირველად იმართება. სესია თბილისში 1–5 ივლისს ჩატარდება, რომელზეც 700–ზე მეტი დელეგატი 57 ქვეყნიდან იმსჯელებს გლობალური მიგრაციის, ეკონომიკური თანამშრომლობის, უსაფრთხოების საკითხებზე და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებზე.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შესვლა უკანონოა და ისჯება ან დიდი რაოდენობის ჯარიმით, ან ოთხ წლამდე პატიმრობით.