თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 42-ს მიაღწია. ამ დრომდე სტამბოლის საავადმყოფოებში კიდევ 128 ადამიანი იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".
სტამბულის ათათურქის აეროპორტში აფეთქებები სამშაბათს, 28 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მგზავრებს ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნა, ამის შემდეგ კი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.
ბოლო მონაცემებით, ტერაქტს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 უცხოელი, 239 ადამიანი დაჭრილია.
აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. თურქი სამართალდამცველები სტამბოლის აეროპორტში თავდასხმის დროს სათვალთვალო კამერებით, ასევე თვითმხილველების მიერ მობილური ტელეფონებით გადაღებულ ვიდეო კადრებს და ფოტოებს სწავლობენ.
გამოძიებისთვის თავდამსხმელთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია. წინასწარი ვერსიით, ერთ-ერთმა ტერორისტმა აეროპორტის ავტოსადგომზე იმ მიზნით აიფეთქა თავი, რომ დანარჩენ თავდამსხმელებს შექმნილი პანიკით ესარგებლათ და აეროპორტის შენობაში შეეღწიათ.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, პირველადი მონაცემები მეტყველებს, რომ აეროპორტზე თავდასხმის უკან რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დგას.