თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. გზა დევდორაკის ხეობაში ორი კვირის შემდეგ გაიხსნება, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამინდი არ შეუშლის ხელს, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომაზე.
კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო 23 ივნისს მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა.
მინისტრმა მთავრობას დევდორაკის ხეობაში განხორციელებული სამუშაპს შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. მისი განცხადებით, სპეციალისტები თერგის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოებს დღეს დაასრულებენ.
ამავე დროს, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გზა დროებით გაიხსნება, მაგრამ პრობლემის გადასაჭრელად სერიოზული საინჟინრო გადაწყვეტილებებია მისაღები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ალტერნატიული სატრანსპორტო შესაძლებლობები და დროებითი ტრანსპორტირების საკითხი მოგვარებულია.
„ეკონომიკის სამინისტრო მჭიდრო კავშირშია სომხეთის სატრანსპორტო სამინისტროსთან და უკვე ალტერნატივა გამონახულია, რომ ბორანის მეშვეობით მოხდეს ხილის გატანა. არა მხოლოდ სომხეთი, ჩვენი ექსპორტიორებიც იყენებენ ამას. ამიტომ მგონია, რომ დროებით ტრანსპორტირების საკითხი გადაწვეტილია, თუმცა სხვა საინჟინრო გადაწყვეტილება საჭიროა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.