დარიალის ხეობაში მიმდინარე სტიქიური პროცესების გამო მობილიზებულია სამთავრობო უწყებები

© photo: Sputnik / Eduard Pesov / გადასვლა მედიაბანკშიდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
23 ივნისს კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-135-ე კმ მონაკვეთი მთლიანად წალეკა.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე – 135-ე კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, რეჟიმის დაწესება ამალი-დევდორაკის ხეობაში უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფული ნაკადის წარმოქმნამ განაპირობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ხეობაში მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს, ოპერატიულად აცნობა შესაბამის ორგანოებს, რის შემდეგაც საავტომობილო გზა დაუყოვნებლივ ჩაიკეტა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მეტეოსადგურზე არსებული საგანგებო სადამკვირვებლო საგუშაგოდან სტიქიური პროცესების გააქტიურების შესახებ განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ განხორციელდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის" თანამშრომელთა ევაკუაცია. ამჟამად ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების, ასევე ფიზიკური პირების გადაადგილება შეჩერებულია. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურსაც.

პროცესებზე დაკვირვება გრძელდება, რაშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება — სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღნიშნული სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაცია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს მოქალაქეების ევაკუაცია და საკონტროლო შემოფრენა.

ყველა ახალი ამბავი
0