თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა, თუშეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავებს. მთიანი რეგიონების განვითარების საკითხზე შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას სურს, ჩამოაყალიბოს პლატფორმა, რომელიც ჩაატარებს კვლევას და გააანალიზებს, რა სახის მოდელით უნდა განვითარდეს საქართველოს მთიანი რეგიონები, განსაკუთრებით კი, უნიკალური ეკოსისტემისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გათვალისწინებით.
შვეიცარულმა და ქართულმა მხარეებმა, პრეზენტაციები გამართეს, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სამთო რეგიონების განვითარების მიმართულებით საინტერესო თანამშრომლობაა შესაძლებელი.
მთავრობის მეთაურმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ სხვა შეხვედრებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ შეაფასა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომელიც შვეიცარიას, ლიხტენშტაინის, ისლანდიასა და ნორვეგიას აერთიანებს.
"ეს არის 14-მილიონი დამატებითი მომხმარებელი საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ეკონომიკის განვითარებისა და ინესტიციების მოზიდვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა პრემიერმა.
შეხვედრას შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის პოლიტიკის ხელმძღვანელი რიხარდ კემპფი, ეკონომიკის სამინისტროს რეგიონული და დაგეგმვის პოლიტიკის ხელმძღვანელი ანეტე შპოერი, ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის განყოფილების ხელმძღვანელი ერიკ იაკობი და შვეიცარიის ტურიზმის ახალი ბაზრებისა და სპეციალური პროექტების დირექტორი, ფედერიკო სომარუგა, ხოლო ქართული მხრიდან — პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში ირაკლი ყურაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.