თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თბილისელები საპროტესტო აქციისათვის ლოზუნგით „გვასუნთქეთ ჰაერი და არა საწამლავი“ ემზადებიან, რომელიც 2 ივლისს საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართება.
საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს კვლევის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნებს შორის ლიდერობს, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს.
შედეგებმა ქართულ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია, ინტერნეტში სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ყველა თბილისელს აქციაზე იწვევენ, რათა ხელისუფლებისგან საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში მოითხოვონ.
„დროა, ყველამ ერთად ვიზრუნოთ საკუთარ და ჩვენი შვილების სიცოცხლეზე, შევცვალოთ ჩვენი გარემო უკეთესობიკენ, მოვითხოვოთ მთავრობისგან პირველადი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა პრობლემების მოგვარებისკენ…ეს ყველას გვეხება! „-აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
გარდა ამისა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისაგან მონაცემების განმარტებისა და დაზუსტების მოთხოვნას აპირებს, რომლებოც საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს კვლევაშია გამოყენებული.
ამის გარდა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გარემოს გაჯანსაღების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, რომელიც შესაბამისი პრობლემების გადაჭრაზეა მიმართული.
მიზეზთა შორის, რომელთა გამოც საქართველოში ჰაერია დაბინძურებული სახელდება გაუმართავი ტრანსპორტი და უხარისხო საწვავი.