თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების მოთხოვნით პეტიცია მოამზადეს.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (International Energy Agency) კვლევის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების სიის ლიდერია, სადაც ჰაერის დაბინძურება სასიცოცხლოდ საშიშ ზღვარზეა.
გამოკითხვის შედეგებმა ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.
„ჰაერი იმდენად დაბინძურებულია, რომ სიკვდილიანობაზეც კი ძალიან დიდი გავლენა აქვს! ასეთ დაბინძურებულ გარემოში ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ! აუცილებელია, ისევ შემოვიღოთ ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება და საბოლოოდ მოვაცილოთ ქუჩებიდან ძველი, ვადაგასული და უხარისხო მანქანები!“ — ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტისთვის გაგზავნილ პეტიციაში.
პეტიციას, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, ხელი 6 ათასმა ადამიანმა უკვე მოაწერა.
საქართველოში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გაუმართაობა და ძველი ავტომობილების არსებობა ითვლება. საქართველოში არ ხდება ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება, რის გამოც ქვეყანაში ბევრი ძველი და ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი გადაადგილდება.
ამჟამად ტექდათვალიერება სავალდებულოა მხოლოდ სატვირთო მანქანებისთვის, რომელთა ტვირთამწეობა 3,5 ტონაზე მეტია, და მგზავრთა გადაყვანისთვის განკუთვნილი ავტომანქანებისთვის, რომელთა ადგილების რაოდენობა, მძღოლის ადგილის გარდა, რვას აჭარბებს.
ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექდათვალიერება საქართველოში 2017 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება. საქართველოს პარლამენტმა კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ შესაბამისი ცვლილებები 2015 წლის თებერვალში მიიღო.