თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დელტას“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა მისი განთავისუფლების შესახებ თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ბრძანების გასაჩივრება სასამართლოში გადაწყვიტა.
მას შემდეგ, რაც 15 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში ნათესების ნაწილი სეტყვამ გაანადგურა, თინა ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის საკითხის შესწავლა დაავალა, „დელტას“ ხელმძღვანელი გადააყენა და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება იყოს დროებითი გადაწყვეტილება.
ძოძუაშვილმა თავი იმით იმართლა, რომ „დელტას“ ჭურვების წარმოებისათვის მოგვიანებით გადაურიცხეს თანხა. ცოტა ხნის წინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცახდა, რომ ძოძუაშვილს თანამდებობაზე არ აღადგენენ.
„თავდაცვის მინისტრის 18 მაისის ბრძანება, რომლითაც მოხდა ჩემი „დელტას“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება, ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს იყო მოკლებული, განხორციელდა დარღვევებით და ეყრდნობოდა მინისტრის სუბიექტურ აზრს“,- იუწყება საერთაშორისო სააგენტო "Новости-Грузия" ძოძუაშვილზე დაყრდნობით.
სარჩელი მისი სახელით სასამართლოში შეიტანა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ”. სარჩელის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ძოძუაშვილის სიტყვებით, მისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებამ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ყველა ის მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო ინტერესებისათვის უმნიშვნელოვანესი პროცესი, პროექტი და საერთაშორისო მოლაპარაკება, რომლებზეც ეროვნული სამხედრო სამეცნიერო სამრეწველო კომპლექს “დელტას” გუნდი მუშაობდა ბოლო წლების მანძილზე.
„ეს არის დარტყმა არა მხოლოდ ჩემზე, არამედ სრულად იმ გუნდზე, რომელმაც ამ წარმატებებს მიაღწია, რომელმაც უზომო სამუშაო გასწია დღევანდელი შედეგებისთვის და ჯილდოდ მინისტრისგან საჯარო გაკიცხვა მიიღო“,- აღნიშნა ძოძუაშვილმა.
დღეს ”დელტას” მიმდინარე ხელშეკრულებები $54 მლნ აჭარბებს, ხოლო საბოლოო მოლაპარაკებებისა და გაფორმების ეტაპზე ხელშეკრულებები $153 მლნ ზე მეტია, ეს ციფრი მრავალჯერ აჭარბებს დელტას მიმდინარე ბიუჯეტს და თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილ ბიუჯეტზე 75% —ით მეტია, განმარტა ძოძუაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ხიდაშელი ურთიერთგამომრიცხავ განცხდებებს აკეთებს.
„ჩემი გათავისუფლების ბრძანების გამოსვლის დღიდან ”დელტაში” შემოსულია თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სამხედრო პოლიცია, თუმცა დღემდე მათ ვერ მოახერხეს დაედოთ დასკვნა, რომელიც დაასაბუთებდა მინისტრის ბრძანებას“,- დასასრულს განაცხადა ძოძუაშვილმა.
„დელტას“ ყოფილმა უფროსმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სთხოვა ამ საკითხით დაინტერესება და მზადყოფნა გამოთქვა, სრული ინფორმაცია მიაწოდოს.
სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დელტას“ მუშობით უკმაყოფილება ხიდაშელმა ჯერ კიდევ 2015 წელს გამოთქვა. მაშინ მან „დელტაში“ სამეურვეო საბჭოს დანიშვნა შესთავაზა.
ხიდაშელმა ასევე განაცხადა, რომ „დელტა“ თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო პროდუქციის მიწოდებას აგვიანებდა და უწყება გაუმჭვირვალე ფინანსირებასა და საქმიანობაში დაადანაშაულა.
„დელტას“ ისტორიას სათავეს 60-იანი წლებიდან იწყებს. ახლანდელი სახით სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. მან ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა გააერთიანა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კონტროლ ქვეშ იმყოფება.
დღეს „დელტა“ თავის პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს.
კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟდა ძოძუაშვილის დროს, რომელმაც „დელტას“ სათავეში 2012 წლის ოქტომბერში მოვიდა.