თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტოს სამინისტროში განუმარტეს, გათავისუფლების მიზეზი რამდენიმე დღის წინ, კახეთში მოსული სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემებია.
16 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაევალა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეესწავლა კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა.
მანამდე კახეთის მოსახლეობამ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. მოსახლეობა თვლის, რომ ”დელტამ” სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დროულად არ გამოიყენა. კახეთის რეგიონში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.