თბილისი, 17 მაისი — Sputnik. სახელმწიფო სამხედრო–სამეცნიერო ცენტრი „დელტა“ პირობას დებს, რომ ერთი წლის წინ კახეთში მათ მიერ შემუშავებულ და დადგმულ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას მაისის ბოლომდე ჩააყენებს მწყობრში.
მაისის დასაწყისიდან კახეთი უკვე რამდენჯერმე დაისეტყვა და ადგილობრივებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა — ვენახებისა და ნათესების საკმაოდ დიდი ნაწილი გაანადგურა.
მოსახლეობა ხელისუფლებას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოუყენებლობაში სდებს ბრალს.
„სისტემის ერთი ნაწილი მუშაობს, მეორე კი ნაწილობრივადაა დატვირთული. ის თანდათან შედის მწყობრში და მაისის ბოლოს სრულად დავტვირთავთ. ჩემთვის უცნობია, რატომ გამოვიდა სისტემა მწყობრიდან“, — საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ „დელტას“ სამხედრო–ტექნიკური განყოფილების თანამშრომლის სიტყვებს ციტირებს.
გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ფუნქციონირების საკითხს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წელს დაიდგა.