თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. 20 აგვისტოს კახეთის რეგიონის თავზე მოსული სეტყვის განეიტრალება შეუძლებელი იყო, განაცხადა იმ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ თანამშრომელმა, რომელიც სპეციალური სარაკეტო დანადგარების გამოყენებით ღრუბლების გაფანტვას აწარმოებს.
უხვი ნალექის, ქარისა და სეტყვის გამო 20 აგვისტოს კახეთის რეგიონის რამდენიმე რაიონი დაზარალდა. ყვარელის რაიონის რიგ სოფლებში სრულად განადგურდა მოსავალი, დაიხოცა შინაური ფრინველი, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ასევე დაზარალდნენ ლაგოდეხისა და ახმეტის რაიონის სოფლები — ახდილია სახურავები, დატბორილია სახლების პირველი სართულები, მეწყერმა დააზიანა სამანქანო ტრასა.
„ეს პროცესები დაახლოებით 19:20 საათზე დაიწყო. კახეთის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან რაიონის სიღრმეში შემოვიდა უკვე ფორმირებული სეტყვის ღრუბლები. სეტყვის მარცვლების დიამეტრი 30 —50 მილიმეტრამდე იყო. ამ ტიპის ღრუბლის ნეიტრალიზაცია ფაქტიურად შეუძლებელია. ჩვენ ღრუბლებს სეტყვის ფორმირების პროცესში ვშლით“, — განაცხადეს „დელტაში“.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წლის გაზაფხულზე დააყენეს. მას შეუძლია აღმოაჩინოს სეტყვის ღრუბლები და გააკონტროლოს ისინი საწყის სტადიაში. საცეცხლე წერტილები მოწყობილია კახეთის ყველა რაიონში.
სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სეტყვის ღრუბლების გაფანტვას საქართველოს მთავრობის დაკვეთით აწარმოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით. პროექტი საპილოტოა.