თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. პოპულარული ქართული ტელეშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მეექვსე სეზონის გამარჯვებულმა თეატრისა და კინოს ცნობილმა რუსმა მსახიობმა სტანისლავ ბონდარენკომ აღიარა, რომ პროექტში თავისი გამარჯვებით შოკირებულია.
ფინალის შემდეგ თავისი შთაბეჭდილებების შესახებ მსახიობი ყვება ტელეარხ „იმედის“ „დღის შოუს“ ეთერში. ბონდარენკოს სიტყვებით, ის არ ელოდა არც თავის გამარჯვებას, არც ქართველი მაყურებლის მხრიდან ასეთ უზარმაზარ მხარდაჭერას.
„როდესაც იმყოფები უცხო ქვეყანაში და გრძნობ ასეთ მხარდაჭერას — ეს დაუჯერებელია. დიდი მადლობა მთელ საქართველოს!“,-უთხრა ჟურნალისტებს ბონდარენკომ.
როგორც მსახიობმა მოყვა, მას მხარს არა მარტო ქართველი მაყურებლები უჭერდნენ, არამედ მისი შვილი მარკი, რომელიც ფინალს გადაჯვარედინებული თითებით ადევნებდა თვალს. ასევე მსახიობის დედა, ისიც ჩამოვიდა საქართველოში შვილის მხარდასაჭერად.
„დედაჩემი ტელევიზიაში მსგავს შოუებში მუშაობს და ამბობს, რომ მაყურებელი არსად არ უჭერს მხარს მონაწილეებს ისე, როგორც საქართველოში“,- აღნიშნა მსახიობმა.
საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ კითხვაზე მსახიობმა უპასუხა, რომ ის, როგორც ხელოვნების წარმომადგენელი, პოლიტიკურ საქმეებში არ არევა.
„მე პოლიტიკის გარეთ ვარ. მე მსახიობი ვარ და ეს სრულიად სხვა გარემოა. ჩვენ მშვიდობის მტრედებივით ვართ და ყველასთან ვურთიერთობთ. ჩვენ დავდივართ სხვადასხვა ქვეყნებში, ველაპარაკებით ადამიანებს. და ჩვენ არ გვეხება ის, თუ რა ხდება ქვეყნებს შორის საგარეო პოლიტიკაში“,-განაცხადა ბონდარენკომ.
რუსმა მსახიობმა და მისმა პარტნიორმა აჭარის სპორტული ცეკვის ფედერაციის პრეზიდენტმა ნიკე კეშელავამ აუდიტორიის მიერ ხმის მიცემის შედეგად 143 ათასიდან ესემეს-შეტყობინებიდან 95 ათასზე მეტი ხმა მოიპოვეს. ფინალის შედეგად პროექტის ლიდერის ვინაობა 28 ივნისის ღამეს ტელეარხ „იმედის“ ეთერში დაასახელეს.
სტანისლავ ბონდარენკომ პრიზის სახით თბილისში ბინა მიიღო.
2016 წლის აპრილში ტელეარხ „იმედზე“ დაწყებული შოუს ფინალისთვის ისეთი მსახიობები იბრძოდნენ, როგორიცაა ინდოეთის კინოვარსკვლავი გუარავ ჩოფრა, ცნობილი თავისი როლით სერიალში „ორი ბედი“, ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და თეათრისა და კინოს მსახიობი დუტა სხირტლაძე, „მის საქართველო 2015“ ტიტულის მფლობელი ნუკა ყარალაშვილი, მსახიობები ჯანო იზორია და ქეთი ჩხეიძე, მომღერლები ლიზა ყენია და ნინი წიკლაური და სხვები.