ამჟამად ბონდარენკო „იმედის“ არხზე ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ღებულობს მონაწილეობას. თავისუფალ დროს კი საქველმოქმედო კონცერტებსა და თაყვანისმცემლებთან შეხვედრებში მონაწილეობს.
მორიგი შეხვედრა ილიაუნის თბილისის თეატრის სცენაზე გაიმართა. თეატრში უამრავმა თაყვანისმცემელმა გოგონამ თავი მოიყარა, დარბაზი სავსე იყო.
რუსი მსახიობი ძალიან თავისუფლად და უშუალოდ იქცეოდა: თვითონ აწვდიდა პუბლიკას მიკროფონს, ხუმრობდა, იცინოდა. კითხვები საკმაოდ ბანალური იყო: რაზე ოცნებობ, შენი საყვარელი მსახიობი, მწერალი, ფილმი, როგორ მოეწონა ქართული სამზარეულო? ბონდარენკო ხალისით პასუხობდა, რომ თავის Harley-Davidson-ზე ოცნებობს, რომ ის ძალიან მოენატრა, საყვარელი მსახიობი ჯერ ლეონარდო დი კაპრიო იყო, მერე კიანუ რივზი, საყვარელი კინო —„მებრძოლი“ თომას ჰარდით მთავარ როლში, საყვარელი მწერალი პაოლო კოელიო. ქართული სამზარეულო რა თქმა უნდა ძალიან მოეწონა, განსაკუთრებით აჭარული ხაჭაპური.
მერე უფრო საინტერესო კითხვები დაისვა: როგორი მამა არის სტანისლავ ბონდარენკო, დარჩება თუ არა საქართველოში, მსახიობობა რომ არა ვინ გახდებოდა ის? სტანისლავმა აღიარა, რომ არა მსახიობობა, აღმოსავლურ ორთბრძოლას გააგრძელებდა, რომ ის არამკაცრი და თავისუფალი მამაა. საქართველოში ვერ დარჩება, რადგან რუსეთში შვილი ჰყავს. „მაგრამ ხშირად ჩამოვალ“,- შეპირდა ბონდარენკო.
Sputnik-ის კორესპონდენტმაც რუს მსახიობს რამოდენიმე კითხვა დაუსვა. ჩვენ საქართველოზე პირველმა შთაბეჭდილებამ დაგვაინტერესა, როგორც დადებითმა, ასევე უარყოფითმაც. ჩვენ ვთხოვეთ გულახდილად ეპასუხა. ბონდარენკომ გაიღიმა და გვიპასუხა:
„სიმართლეს ვიტყვი, რომ არ მომეწონა პუნქტუალურობა. ეს არ მომეწონა აბსოლუტურად! თქვენ გიყვართ დაგვიანება, ეს წესად გაქვთ“,-აღნიშნა მსახიობმა.
თუმცა, ამ შენიშვნის მერე ბონდარენკოს თაყვანისმცემლებმა მსახიობს უსაყვედურეს, რომ შეხვედრაზე მანაც დააგვიანა. მსახიობმა კი ახსნა მოაყოლა, რომ დროულად მოვიდა, მხოლოდ ის დიდხანს და გრძელი გზით ატარეს სცენამდე. საქართველოზე ერთერთ პოზიტიურ ემოციად მსახიობმა ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა, გულახდილობა და უშუალოობა დაასახელა.
„მომეწონა, როგორ მხვდება ხალხი საქართველოში, მათი გულკეთილობა. ისინი სტუმრებს მართლა ღიად ხვდებიან, ანთებული თვალებით“,-აღნიშნა სტანისლავმა.
რადგან ტელეშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მთავარი პრიზია ბინა თბილისში, Sputnik დაინტერესდა, სურს თუ არა მსახიობს მოიგოს ბინა საქართველოს დედაქალაქში.
„პრინციპში, ასეთი თვითმიზანი არ მაქვს. ჩემი მიზანია მონაწილეობა. მერე როგორც გამოვა, ისე გამოვა“.
შეხვედრის ყველაზე ინტიმური მომენტი ბონდარენკოს აღიარება იმის შესახებ იყო, რომ მან საქართველოში პირველი ტატუ გაიკეთა. მისი სიტყვებით, მას დიდი ხანია სურდა ტატუს გაკეთება, მაგრამ ამისათვის ვერ იცლიდა. საქართველოში კი ვარსკვლავები შეერთდნენ, თქვა ბონდარენკომ, და აჩვენა ტატუ-ჯვრის ფორმით და ქართული წარწერით „უფალო, შემიწყალე!“
სხვათა შორის, მთელი შეხვედრის განმავლობაში ბონდარენკოს უკან იჯდა მისი მოცეკვავე პარტნიორი ქალი ნიკე კეშელავა, რომელსაც ჰკითხეს: რა შეგრძნებაა, როდესაც მთელ ქვეყანას მისი შურს. ნიკემ, რა თქმა უნდა, უპასუხა, რომ მისი ემოციები — სრული აღფრთოვანებაა, და რომ ბედის ასეთ შეტრიალებას ის არც კი ელოდებოდა.
მალე სტანისლავი და ნიკე რეპეტიციაზე აჩქარდნენ, მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო. თაყვანისმცემელთა ბრბო სცენაზე ავარდა, ზოგს ავტოგრაფი სურდა, ზოგს ბონდარენკოსთან სელფის გადაღება, ზოგს უბრალოდ ტელევარსკვლავის ახლოდან ნახვა უნდოდა. ბონდარენკო შეცბა და დახმარებაც კი მოითხოვა. რა თქმა უნდა, თეატრის ადმინისრაციის დაცვამ მსახიობს დახმარება გაუწია, და ქართველ ფანებთან რამოდენიმე ფოტოს მერე ბონდარენკო საცეკვაოდ გაუშვეს