თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოში ახალწვეულებს, ძირითადად, გუშაგებად იყენებენ, არ ასწავლიან აუცილებელ უნარ-ჩვევებს, განაცხადა ქვეყნის სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.
ასეთი კომენტარით გამოეხმაურა ის თავდაცვის მინისტრის ბრძანებას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ სურვილის შემთხვევაში იმსახურებენ. საუბარი სხვა ძალოვან სტრუქტურებში სავალდებულო გაწვევაზე არ არის.
„ძირითადად ხდებოდა გუშაგებად ამ ადამიანების გამოყენება და რეალურად სახელმწიფოს ფინანსები იხარჯებოდა სხვა მიზნებისთვის. თუ იქნება ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახური, აუცილებელია, რომ რეალურად იყოს სავალდებულო სამხედრო სამსახური», — განაცხადა ნანუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
მან აღნიშნა, რომ ახალწვეულების მომზადება ძალზე დაბალ დონეზეა.
„ის, რომ ხარვეზები სამხედრო სავალდებულო სამსახურში არსებობდა, ამაზე ჩვენც ვსაუბრობდით… დღევანდელი მოცემულობით, ეს სამსახური არ არის სამხედრო. სახელმწიფოს ფინანსები და რესურსები რეალურად წყალში იყრება“, — განაცხადა სახალხო დამცველმა.
ხიდაშელის გადაწყვეტილება, რომელსაც ეს არ შეუთანხმებია არც მთავრობასთან და არც უსაფრთხოების საბჭოსთან, უკვე გააკრიტიკეს ქვეყნის პირველმა პირებმა, ასევე პარლამენტის დეპუტატების დიდმა ნაწილმა.