თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გააკრიტიკა, რომელმაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების თაობაზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო.
ხიდაშელმა ორშაბათს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ სურვილის შემთხვევაში იმსახურებენ.
„მსგავსი პრეცედენტი, დარწმუნებული ვარ, არც ერთ ქვეყანაში, არც დემოკრატიულში, არც არადემოკრატიულში, არც დიქტატორულ რეჟიმში, არასოდეს არსად არ ყოფილა. პასუხისმგებლობას სრულყოფილად ვაკისრებ ქართულ ოცნებას, მის ლიდერებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც თავს მოგვახვია რესპუბლიკური პარტია“, — განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
მან კატასტროფული უწოდა ვითარებას, როდესაც თავდაცვის მინისტრი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე და მთავრობის სხდომაზე განხილვის, პრემიერთან კონსულტაციის გარეშე, რომელიც ამის შესახებ ტელეეთერიდან იგებს, გადაწყვეტილებებს იღებს.
„ყველასთვის ცნობილია, რომ „რესპუბლიკური პარტიისთვის“ უცხო არ არის ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენოს და საკუთარი პარტიის ინტერესები გაატაროს და პიარ-ქულები ჩაიწეროს“, — აღნიშნა ბურჯანაძემ.
ხიდაშელის გადაწყვეტილება უკვე გააკრიტიკეს ქვეყნის პირველმა პირებმა, ასევე პარლამენტის დეპუტატების დიდმა ნაწილმა.
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ მზადაა სავალდებულო გაწვევა გააუქმოს, თუმცა, გადაწყვეტილების მიღება 2017 წელს იგეგმებოდა.
ამჟამად სამხედრო სამსახური საქართველოში ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
სავალდებულო სამსახურის ხანგრძლივობა საქართველოში 12 თვეა. გაწვევა წელიწადში ორჯერ — გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება.