თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. დღეს პოპულარული შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მეექვსე სეზონის ფინალში გამარჯვებულები გამოვლინდებიან — პირველი ადგილისთვის რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო და ქართველი მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი თავიანთ მეწყვილეებთან ერთად იბრძვიან.
მამაკაცების მეწყვილეები პროფესიონალი მოცეკვავეები არიან: ბონდარენკოს პარტნიორია აჭარის სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი ნიკი კეშელავა, ხოლო გველესიანის —სტუდია „პრაიმდენსის“ მოცეკვავე სალომე ჭაჭუა.
ბონდარენკომ განაცხადა, რომ პროექტი მას საკუთარი თავის შემოწმებაში დაეხმარა, ხოლო თავის პარტნიორს მან შოუში მთავარი დამხმარე უწოდა.
„ჩვენ ერთმანეთს ნათლად ვუგებდით. ნიკი — ეს მთავარი დამხმარეა. ხოლო გამარჯვებულს უკვე მაყურებელი გამოავლენს: მე მათთვის ვცეკვავ. არ ვიცი, რა იქნება ფინალში — მაგარი იქნება“, — განაცხადა სტანისლავმა.
როგორც ფინალის წინ გველესიანმა განაცხადა, პროექტი მისთვის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.
„ჩემი გამარჯვება სალომეს დიდი შრომის შედეგი იქნება. ყოველთვის მიყვარდა ძლიერი ქალები. და ვფიქრობ, მეც ძლიერი მამაკაცი უნდა ვიყო. ანდრია არასდროს იხევს უკან და წინ ბოლომდე მიდის“, — აღნიშნა გველესიანმა.
ფინალურ შოუში ბონდარენკოსა და გველესიანის წყვილები პასადობლსა და მთელი პროექტის საუკეთესო საცეკვაო ნომრებს შეასრულებენ. ტრადიციულად, სცენაზე პროექტის ყველა მონაწილე გამოვა.
ნომრების ქორეოგრაფიაზე მუშაობს ქორეოგრაფი გიგი გაჩეჩილაძე, ფინალისტების კოსტიუმებზე — დიზაინერი ლაშა ჯოხაძე.
გარდა ამისა, შოუზე ასევე დაგეგმილია მოდერნ-ბალეტის „რამიშვილის“ სატელევიზიო დებიუტი და პოპულარული მუსიკოსებისა და მომღერლების გამოსვლა.
შოუს გამარჯვებული პრიზის სახით საცხოვრებელ კორპუს „კრწანისი ვილა რეზიდენსში“ ბინას მიიღებს, ხოლო მეორე ადგილზე გასული — ავტომობილს.